ახალი ამბები

ალასანიას მოადგილეები

31 ოქტომბერი, 2012 • 1976
ალასანიას მოადგილეები

ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ლევან დოლიძე, რომელიც მანამდე “ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს” ხელმძღვანელობდა. ქართველმა დიპლომატმა ლევან მიქელაძემ 2007 წლის 7 ნოემბერს მთავრობის მიერ თბილისში ოპოზიციური აქციის ძალადობრივად  დაშალის  პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა, ხოლო მოგვიანებით შეუერთდა ირაკლი ალასანიას ოპოზიციურ პარტიას. 2009 წლის აპრილში იგი გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა დააფუძნეს მისი სახელობის ფონდი.

 

ლევან დოლიძის ძირითადი მიმართულება იქნება თავდაცვის სამინისტროს რეფორმების განხორციელება, რაც გულისხმობს სამოქალაქო კონტროლის ამაღლებას შეარაღებულ ძალებზე და თანამშრომლობას პარლამენტთან. ის იქნება თვდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

 

თავდაცვის უწყებაში მოადგილის პოსტს დაიკავებს ასევე ალექსანდრე ბურჭულაძე, რომელსაც, ალასანიას თქმით, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და როგორც ფინანსისტი, თავდაცვის სამინისტროშიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

 

„პრობლემაა არამიზნობრივი გადახარჯვა და ბიუჯეტი შესრულებას ამ სახით არ ექვემდებარება. ახლა ვმუშაობთ ინტენსიურად, როგორ შეიძლება გარკვეული ეკონომია მოვახერხოთ“, – განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.

 

თავდაცვის უსაფრთხოების საკითხებს გაუწევს კურირებას ირაკლი გეგეჭკორი. იგი ირაკლი ალასანიას მოადგილე იყო მაშინ, როცა ალასანია აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

რაც შეეხება გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

ირაკლი ალასანია და მისი მოადგილეები
ირაკლი ალასანია და მისი მოადგილეები

მასალების გადაბეჭდვის წესი