“რუსთავის აზოტის” ქარხნიდან გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი პროტესტის მერვე დღეს რუსთავში აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომელიც პოლიციასთან რამდენიმე დაპირისპირების მიუხედავად, რუსთავის მერიის გავლით დათქმულ ადგილას, “საქართველოს ბანკის შენობასთან დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა 2 საათზე ჟიული შარტავას ქუჩაზე, შარტავას ძეგლის წინ დაიწყეს შეკრება. რამდენიმე გამომსვლელის სიტყვით მიმართვის შემდეგ აქციის მონაწილეები რუსთავის მერიისკენ დაიძრნენ. გზად რუსთავის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სოლიდარობის ნიშნად მათ აქციას შეერთებოდნენ.
იმის გამო, რომ აქციის მონაწილეებმა სავალი გზის ერთი მიმართულება მთლიანად გადაკეტეს, პოლიცია მათ სთხოვდა, გზის ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რათა საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულიყო, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის მოთხოვნა არ შეასრულეს, რის გამოც მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პოლიციასთან დაპირისპირება მოუხდათ.
აქციის მონაწილეებს პოლიციასთან დაპირისპირება კიდევ რამდენჯერმე მოუხდათ, თუმცა მსვლელობა როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, ისე დასრულდა. ისინი მივიდნენ რუსთავის მერიასთან, შემდეგ კი, “საქართველოს ბანკის” შენობასთან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთავის აზოტი საქართველოს ბანკის საკუთრებაა.
აქციაზე, რომელსაც ქარხნიდან გათავისუფლებულები, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები და სტუდენტები მართავდნენ, რვა მოთხოვნა წამოაყენეს, აქედან ორი უპირობოა: დათხოვნილი 350 მუშის სამსახურში აღდგენა და ახალი შრომითი ხელშეკრულებების დადება, რომლის პირობებს პროფკავშირებთან ერთად შეიმუშავებენ.
სხვა მოთხოვნები ასეთია:
[checklist]
- სამსახურში გაცდენილი საათების ანაზღაურება
- საბანკო ვალდებულებების გადავადება
- პრემიების ხელფასებში დაბრუნება
- საამქროებს შორის წარმოშობილი ხელფასის ოდენობების დისბალანსის აღმოფხვრა
- “რუსთავის აზოტის” მართვაში”საქართველოს ბანკის” ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ
- კოლექტიური ხელშეკრულებების გათვალისწება შრომითი ურთიერთობების პროცესში
[/checklist]
პროფკავშირების წარმომადგნელის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, მსვლელობის მიზანია, ხელისუფლებას შეახსენონ, რომ უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარების პროცესში.
“რუსთავის აზოტის” მხარდასაჭერად აქცია გუშინ, 2 თებერვალსაც გაიმართა , რა დროსაც აქციის მონაწილეები შევიდნენ აზოტის ქარხნის დირექტორის შენობაში და მოითხოვდნენ დამსაქმებელთან შეხვედრას, რის გამოც ადგილზე მივიდა პოლიცია და, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც აპირებდნენ შენობის დატოვებას.
აქციის გუშინდელი მონაწილე ნუცა ბასილაშვილი ვიდეოში გვიყვება გუშინ მომხდარის შესახებ:
რამდენიმედღიანი პროტესტი გამოიწვია აზოტის ქარხნიდან 350 მუშის გათავისუფლებამ, რომლებიც აცხადებენ, რომ ისე გაუუქმეს შრომითი ხელშეკრულებები, წინასწარ არ გაუფრხილებიათ და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც საშვები გაუქმებული დახვდათ.
კომპანია ეუ ინვესთემნტი, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით, აზოტის ქარხნის მფლობელია, აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დათხოვნილ იქნა 350 თანამშრომელი და კიდევ იგეგმება შემდგომი შემცირებები, არ შეესაბამება სიმართლეს.
პროფკავშირების დაპირებით, აქციები რუსთავში ორშაბათამდე გაგრძელდება, ხოლო სამშაბათს, 7 თებერვალს, აქცია თბილისში გაიმართება.