ახალი ამბები

ეუ ინვესთმენთის განმარტებები აზოტის ქარხნიდან მუშების დათხოვნის საკითხზე

31 იანვარი, 2017 • 3952
ეუ ინვესთმენთის განმარტებები აზოტის ქარხნიდან მუშების დათხოვნის საკითხზე

„ეუ ინვესთმენთი“, რომელიც რუსთავის “აზოტის ქარხნის” აქციებს ფლობს, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ რუსთავის “აზოტის ქარხნის” აქტივები 2016 წლის სექტემბერში შეიძინა.

“სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქარხნის ოპერირებას ყოფილი მესაკუთრე აწარმოებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილმა მესაკუთრემ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება ვეღარ შეძლო, 2017 წლის იანვრიდან ქარხნის ფუნქციონირება შეჩერდა”, – იუწყება ეუ ინვესთმენთი.

“ეუ ინვესთმენთის” თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა არ ფუნქციონირებს თანამშრომელთა სოციალური დაცვის მიზნით, კომპანიამ ქარხნის 2000-ზე მეტ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რათა მათთვის სახელფასო ანაზღაურების დროულად და შეუფერხებლად გადახდა მოხდეს.

“სს „იუ ინვესთმენთი“ ამჟამად აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს, რათა ქარხანა კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდეს. ამ მიზნით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ქარხნის კრედიტორებთან და მომწოდებლებთან. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, განხილული იქნება დამატებითი მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხი და პრიორიტეტი მიენიჭება შპს „რუსთავის აზოტში“ დარჩენილ თანამშრომლებს,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დათხოვნილ იქნა 350 თანამშრომელი და კიდევ იგეგმება შემდგომი შემცირებები, არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივი წარმომადგენელ გელა ბიჭიაშვილის თქმით, საწარმოში სულ 2300 ადამიანი მუშაობდა – 350 კი ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და საფუძვლის გარეშე გაათავისუფლეს. ბიჭიკაშვილის თქმით, დამსაქმებელები მუშებს შენობაში არ უშვებენ და ზეპირსიტყვიერად ეუბნებიან, რომ ქარხანაში აღარ მუშაობენ:

“შრომის კონტრაქტები არის კაბალური მუხლების შემცველი, რომელიც მონად ხდის ადამიანს. უკვე მეხუთე დღეა აქციები გვაქვს, შესაძლოა გაფიცვაც დავიწყოთ,” – ამბობს ბიჭიაშვილი.

მისი თქმით, ქარხნის ახალი მეპატრონე ქარხნიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებზე არ მოდის.

27 იანვარს რუსთავის აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიზე ქარხნის თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ:

  • შრომის კაბალური შეთანხმების გაუქმებას. მისი თქმით, კონტრაქტებზე ერთ და ორ დღეში მოაწერინეს ხელი მაშინ, როცა 5-ფურცლიან შრომის ხელშეკრულებას სჭირდება რამდენიმედღიანი შესწავლა იურისტთან ერთად.
  • კვლავ აღადგინონ ეს ადამიანების სამუშაო ადგილებზე.
  • ეკონომიკის სამინისტროს შეატყობინოს საწარმომ, რომ თანამშრომლებს მასობრივად ითხოვს სამსახურიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი