რუსთავში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. “რუსთავის აზოტიდან” განთავისუფლებული 350 ადამიანის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია/მსვლელობა ამ დრომდე მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დამსაქმებელმა დანაშაულებრივი ქმედებებით გაათავისუფლა მუშები: “ერთად დავეხმაროთ მათ დღეს, რათა ხვალ ჩვენც დაცული ვიყოთ დამსაქმებლების დანაშაულებრივი ქმედებებისგან.”
სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია N115”-ის აქტივისტი გიორგი არობელიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ნათია ქარჩილაძეს პოლიციასთან დაპირისპირების დროს ტუჩი დაუზიანდა და კბილი ჩამოტყდა.
“ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა, როდესაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდები და მუშტებს ურტყამ,” – ამბობს გიორგი არობელიძე.