ახალი ამბები

მთავრობის განცხადებით, კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებით ცვლილებას არ გეგმავს

1 თებერვალი, 2017 • 1458
მთავრობის განცხადებით, კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებით ცვლილებას არ გეგმავს

მთავრობის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებით ცვლილების ინიცირებას არ აპირებს. მთავრობის განცხადებითვე, არ იგეგმება არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის აუცილებელი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის გაუქმება.

“საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის რეფერენდუმის გაუქმებას. საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად”,- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალ-დემოკრატებმა 31 იანვარს საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რის შედეგადაც გადასახადების განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისთვის და ახალი ტიპის გადასახადების შემოღებისათვის რეფერენდუმის ჩატარება საჭირო აღარ იქნება.

ამჟამად საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება (გარდა აქციზისა), ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს).

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ 31 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათი პოზიციით კონსტიტუციაში არსებული ეს ჩანაწერი არსებითაც ზღუდავს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარება და ინსტიტუციურ დემოკრატიას აზიანებს.

“ეს ინიციატივა ორიენტირებულია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას განვითარებისათვის… [კონსტიტუციის] ეს ჩანაწერი რადიკალურად ასუსტებს სახელმწიფოს, არ აძლევს შესაძლებლობას პარლამენტს, განახორციელოს მთავარი ფუნქცია – წარმომადგენლობითი ფუნქცია, ზღუდავს სახელმწიფოს, განსაზღვროს პოლიტიკები, რომლებიც გამომდინარეობს მისი მოქალაქეების ინტერესებიდან და უზრუნვეყლოს ის შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსებით”, – ამბობს ჟორჟოლიანი და დასძენს, რომ ამ ჩანაწერით სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, არ განსაზღვრავს ამ [ხალხზე ორიენტირებულ] პოლიტიკებს და ამ ყველაფერს ზოგად ვითარებას, “ბაზრის უხილავ ხელს” მიანდობს. “ეს პოლიტიკა უნდა დასრულდეს”, – ამბობს ჟორჟოლიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი