მან აქციის ორგანიზატორებთან, „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ წევრებთან ერთად თბილისის პარკების ტერიტორიაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების გაუქმება და მიმდინარე მშენებლობების შეწყვეტა მოითხოვა.
„იმის მაგივრად, რომ თუ სადმე სახლი დაინგრევა, იმის ადგილას ბაღ-პარკი ააშენონ, ამ ვანდალიზმს აგრძელებენ. იჩეხება ასწლოვანი ხეები. ვითომ მშენებლობები მიმდინარეობს და ვითომ ხალხის დასაქმება, ხალხზე ზრუნვა ხდება“, – განაცხადა „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ წევრმა ვაჟა შენგელაიამ.
ორგანიზატორების თქმით, ბოლო პერიოდში ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი. ბოლო კვირაში კი ახალი მშენებლობა კიდევ სამი უბნის რეკრეაციულ ზონაში – იპოდრომის ტერიტორიაზე, ვარკეთილის ერთ-ერთ სკვერში და ვაკის პარკში დაიწყო.
„ჩვენ არ ვაპირებთ აღნიშნულთან შეგუებას. მოვითხოვთ თბილისის მერისგან, შეწყვიტოს ეს დანაშაულებრივი ქმედება, რათა კიდევ უფრო არ დაამძიმოს საკუთარი ბრალი. მხოლოდ ეკოლოგიური დანაშაულების, მხოლოდ თბილისელთა ეკოციდის გამო მას ეკუთვნის მრავალწლიანი პატიმრობა“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ წევრებთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს.
აქციის ბოლოს ორგანიზატორებმა „სამარცხვინო მხერხავის” სახელით დაჯილდოების მიზნით ქალაქის მერისთვის კანცელარიაში ხერხი დატოვეს.
თბილისის მერის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საკითხზე მერიაში კომენტარს არ გააკეთებენ.