ახალი ამბები

ვიცემერი: “ბავშვთა სამყაროს” შენობის დემონტაჟი უნდა დაიწყოს

30 იანვარი, 2017 • 1627
ვიცემერი: “ბავშვთა სამყაროს” შენობის დემონტაჟი უნდა დაიწყოს

თბილისის მერის მოადგილის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, ხანძრის კერის მეორედ გაჩენის შემდეგაც “ბავშვთა სამყაროს” საცავებში კვლავ დაცულია ოქრო. აბაშიძე ასევე აცხადებს, რომ შენობის დემონტაჟი უნდა დაიწყოს. ადგილზე მისულია ორგანიზაცია, რომელმაც შენობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს. ისინი ამ დროისთვის [19:30] ბრძანებას ელოდებიან.

“ბავშვთა სამყაროს”შენობის პირველ სართულზე ხანძარი 18:10 წუთზე განახლდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თავდაპირველად შეტყობინება სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ 30 იანვარს, 04:10 საათზე შევიდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 9:00 საათისთვის მოხერხდა. 18:10 საათზე შენობის პირველ სართულზე ცეცხლი კვლავ აალდა.

ადგილზე 31 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი თავდაპირველად შენობის მიმდებარე 3 000 კმ/მ-ს მოედო და შემდეგ შენობაზეც გადავიდა, რომლის ფართობიც 10 000 კვ/მ-ს შეადგენს და ამ დროისთვის სრულად დამწვარია. წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ვრცლად ხანძრის შესახებ იხილეთ ბმულზე.


სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლიდან თბილისში, თევდორე მღვდლის #7-ში. აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მათი სააქციო კაპიტალი შეადგენს 423 289.28 ლარს. სააქციო კაპიტალი დაყოფილია 5588 აქციად, თითოეულის ღირებულებაა 60 აშშ დოლარი და აქციათა 41%-ზე მეტს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული შპს “ლეუფერტი”. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მერაბ ასათიანი, წევრები – გიორგი მახარაძე და ნინო გორგანელი. აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მაჭავარიანი, ფინანსური დირექტორი – დავით ქორიძე და მარკეტინგის დირექტორი ელგუჯა ცინცაძე. საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა-გაქირავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი