ახალი ამბები

ვინ აუნაზღაურებს ზარალს დამწვარი “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებს [ფოტო/ვიდეო]

30 იანვარი, 2017 • 16148
ვინ აუნაზღაურებს ზარალს დამწვარი “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებს [ფოტო/ვიდეო]

სააქციო საზოგადოება “სავაჭრო სახლი – ბავშვთა სამყაროს” იურისტის, ვაჟა მაისურაძის თქმით, ხანძრის შედეგად რამდენიმე ასეული ქვემოიჯარე დაზარალდა, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას იურისტი არ ფლობს. ჯენეტა ყურაშვილი ერთ-ერთია, ვისი ქონებაც ხანძრის შედეგად დაიწვა. როგორც დაზარალებული ამბობს, სავაჭრო ცენტრში ავეჯით ვაჭრობდა:

“მე ავეჯი მქონდა. დაიწვა ჩემი ავეჯი. ვინ ამინაზღაურებს, იმდენი საქონელი მაქვს დაკარგული და იმდენი დამეწვა! ამინაზღაურებს ვინმე?” – კითხულობს დაზარალებული.

პროდუქცია დაეწვა რუსუდან წოწონავასაც. როგორც დაზარალებული ამბობს, მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო სპორტული ტანსაცმლით ვაჭრობა იყო:

“ზარალი მე შეიძლება 1000 ლარი მქონდეს, მაგრამ იმ 1000 ლარით მე ვარსებობდი. მე რაც მქონდა, იქ ვდებდი ყველაფერს. ანაზღაურებაზე არაფერს ამბობენ, არავინ კითხულობს ჩვენს ამბავს,”- ამბობს ის. 

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო" დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის მერის, დავით ნარმანიას  თქმით, სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილ ხანძრის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას ეკისრება. სავაჭრო ცენტრის იურისტი, ვაჟა მაისურაძე კი ამბობს, რომ სააქციო საზოგადოების მოიჯარეები და მათი ქვემოიჯარეები დამოუკიდებელი სუბიექტები არიან და დამწვარი ქონების დაცვა მათი პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, გაფორმებულ ხელშეკრულებებში ზარალის ანაზღაურებაზე არაფერია ნათქვამი:

ვისაც იჯარით ჰქონდა აღებული ფართი, ისინი თავიანთ საქმიანობაში, თავიანთ რისკებში არიან დამოუკიდებელი. ვის რა ქონება ჰქონდა, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ჩვენი ქონება დაზღვეული გვქონდა, მათი არ ვიცი” – ამბობს იურისტი. 

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო" დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბავშვთა სამყაროს შენობა კომპანია “ალდაგს” 6 მილიონ ლარად აქვს დაზღვეული, თუმცა სადაზღვევო კონტრაქტში არ შედის ამ შენობაში არსებული მასალები ან პროდუქცია.

“ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის თქმით, ადმინისტრაცია თავის წილ პასუხისმგებლობას საკუთარი თავზე აიღებს, თუმცა, რა ზომებს მიიღებს სააქციო საზოგადოება – დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს:

“ჩვენ ვისთან ერთადაც ვმუშაობთ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ. რა იყო ხელშეკრულებაში და როგორ იყო, ეს სხვა მხარეა. მეორე მხარეა, ჩვენ რას გავაკეთებთ მათთვის. ამიტომ დღეს არანაირი პასუხი არა მაქვს. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, როგორც ადამიანები, ასევე, კანონიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გავაკეთებთ, რაცაა გასაკეთებელი”, – განაცხადა “ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა.

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო" დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ავეჯის, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, სავაჭრო ცენტრში ძვირფასი ლითონებითაც ვაჭრობდნენ. როგორც დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, ოქროს ნაკეთობებს, სავაჭრო ცენტრის საცავში ინახავდნენ, თუმცა ვერცხლის ნაკეთობები უმეტესობას დახლებზე ჰქონდა დატოვებული:

“ჩვენ სავალუტო ჯიხურებიდან ვინახავდით ფულს. ჯერ არ ვიცით ზუსტად არაფერი. როგორც ამბობენ, მე მგონი, სეიფები და შემნახველი საკნები გადარჩა. მთელი ოქროს ბირჟა მანდ ინახავდა. როგორც ვიცი, ცეცხლგამძლე სეიფებია. როგორც ამბობენ, წინა კარებიაო ცოტა დაბრეცილი და მეორე კარებში არაფერი. მე მგონი, გადავრჩით, ვნახოთ” – ამბობს თენგიზ ფარცვანია.

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო" დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ექსპერტებმა შენობის ის ნაწილი, სადაც საცავებია განთავსებული, უკვე დაათვალიერეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საცავები ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელმა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს დაუდასტურა. თბილისის ვიცემერის, ლაშა აბაშიძის თქმით, შენობის ჩამონგრევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, რის გამოც ძვირფასი ლითონების საცავიდან გამოტანა ვერ ხერხდება. ადგილზე მომუშავე ექსპერტების თქმით, საცავებიდან ძვირფასეულობის გამოტანა მხოლოდ მას შემდეგ იქნება უსაფრთხო, რაც შენობის ზედა ნაწილის დემონტაჟი მოხდება.

ნგრევის რისკების გამო საკუთარი პროდუქცია დამწვარი შენობისგან მოშორებით ვერც იმ ადამიანებს გააქვთ, რომელთა ინვენტარიც ხანძარს გადაურჩა. გია გიგაშვილი ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრში თეთრეულის მაღაზია ჰქონდა, რომელიც დაწვას გადარჩა, თუმცა შენობიდან ამ დრომდე ვერ გამოაქვს.

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო" დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” დაიწვა. 30 იანვარი, 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დაზარალებულებს “შეძლებისდაგვარად დახმარებას” დაჰპირდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. განცხადება ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის შედეგად საქონელი დაეწვათ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეღავათს გაუწევს, ეროვნული ბანკი კი უშუამდგომლებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა საბანკო ვალდებულებების გადავადება მოხდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ 30 იანვარს, 04:10 საათზე შევიდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 9:00 საათისთვის მოხერხდა. 18:10 საათზე შენობის პირველ სართულზე ცეცხლი კვლავ აალდა.

ადგილზე 31 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი თავდაპირველად შენობის მიმდებარე 3 000 კმ/მ-ს მოედო და შემდეგ შენობაზეც გადავიდა, რომლის ფართობიც 10 000 კვ/მ-ს შეადგენს და ამ დროისთვის სრულად დამწვარია. წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზეა ამ დრომდე (18:00 საათი) იმყოფებიან დაზარალებულები, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, გადაურჩა თუ არა მათი პროდუქცია დაწვას, ან რა ბედი ელის მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდა სავაჭრო ცენტრში შენახული საქონელი.


სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლიდან თბილისში, თევდორე მღვდლის #7-ში. აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მათი სააქციო კაპიტალი შეადგენს 423 289.28 ლარს. სააქციო კაპიტალი დაყოფილია 5588 აქციად, თითოეულის ღირებულებაა 60 აშშ დოლარი და აქციათა 41%-ზე მეტს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული შპს “ლეუფერტი”. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მერაბ ასათიანი, წევრები – გიორგი მახარაძე და ნინო გორგანელი. აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მაჭავარიანი, ფინანსური დირექტორი – დავით ქორიძე და მარკეტინგის დირექტორი ელგუჯა ცინცაძე. საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა-გაქირავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი