ახალი ამბები

მამია სანადირაძე აცხადებს, რომ მისი მიზანი ‘კავკასუს ონლაინის’ დაბრუნება არაა

24 ოქტომბერი, 2012 • • 2911
მამია სანადირაძე აცხადებს, რომ მისი მიზანი ‘კავკასუს ონლაინის’ დაბრუნება არაა

“მე ახლა ჩამოვედი იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს იმ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც

მამია სანადირაძე
მამია სანადირაძე

განახორციელა სახელმწიფომ “კავკასუს ონლაინის” დასანგრევად. ხვალვე, როგორც კი ახალი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები დაინიშნებიან, ორივე უწყებაში შევა ჩემი განცხადება და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას, აქამდე ამას აზრი არ ჰქონდა”, – განაცხადა for.ge-ს პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციისას მამია სანადირაძემ.

 

მამია სანადირაძემ 40–წუთიანი პრესკონფერენციის განმავლობაში ვრცლად ისაუბრა კომპანია “კავკასუს ონლაინის” მრავალწლიან საქმიანობაზე, მის პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე, სახელმწიფო უწყებების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, რამაც, სანადირაძის თქმით, კომპანია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო და დამფუძნებელს მისი საკონტროლო პაკეტის გაყიდვის გადაწყვეტილება მიაღებინა.

 

“დღეს გამოქვეყნდა სტატია სათაურით “მამია სანადირაძე იწყებს ბრძოლას “კავკასუს ონლაინის დასაბრუნებლად”. მინდა დავაზუსტო, რომ არანაირ ბრძოლას მე არ ვიწყებ “კავკასუს ონლაინის დასაბრუნებლად. კომპანიის მესაკუთრეთა ბედი ხელშეკრულებით რეგულირდება, რომლის პირობებიც გასაიდუმლოებულია, ამიტომ ხელშეკულების პირობებზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა მამია სანადირაძემ.

 

მამია სანადირაძის თქმით, “კავკასუს ონლაინი” 2009 წლის შემოდგომამდე უპრობლემოდ მუშაობდა, დაგეგმილი ჰქონდა კავკასიაში რეგიონული მასშტაბის პროექტები, მათ შორის სომხეთ–აზერბაიჯანში ინტერნეტის მაგისტრალური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ასევე, მსგავსი კაბელის გაყვანა კასპიის ზღვის ფსკერზე, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებდა თურქმენეთთან და, შესაბამისად, შუააზია ინტერნეტის მძლავრი რესურსით დაუკავშირდებოდა ევროპას. “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებლის თქმითვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, ფაქტიურად, დამტკიცებული იყო 35–მილიონიანი სესხი, რომელიც უნდა მოხმარებოდა საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ინტერნეტის ოპტიკურ–ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანას. სანადირაძე ამტკიცებს, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებით “კავკასუს ონლაინი” 2014–2015 წლებისთვის გახდებოდა მილიარდიანი კომპანია.

 

“ამას იმიტომ ვამბობ, რომ დაგანახოთ, როგორ კარგად იყო ყველაფერი და რა უცებ შეიცვალა სიტუაცია და მომიწია კომპანიის გაყიდვა”, – აცხადებს “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელი, რომელმაც 2009 წლის მიწურულს კომპანიაში საკუთარი 80%–იანი წილიდან 50% გაყიდა და კომპანიის მართვიდან გავიდა. როგორც თავად ამბობს,  ამჟამად მხოლოდ 30%–ს ფლობს, თუმცა არც მართვაში იღებს მონაწილეობას და კომპანიიდან არც დივიდენდებს იღებს. მამია სანადირაძემ საქართველო 2010 წელს დატოვა და იგი ლონდონში დასახლდა.

 

მამია სანადირაძე იხსენებს, რომ 2009 წლის გაზაფხულზე მის კომპანიაში მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სავარაუდოდ, რომელიმე ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიკაჩაშვილი. სანადირაძის მტკიცებით, შსს–სთანამშრომელმა კომპანიაში მოითხოვა ისეთი აპარატურის დაყენება, რომელიც საქართველოში ელ. ფოსტებსა და სხვა ელ. გზავნილებს გაფილტრავდა და გააკონტროლებდა. მამია სანადირაძე დარწმუნებულია, რომ მის კომპანიას ამ შეთავაზებაზე უარის თქმის გამო შეექმნა ის პრობლემები, რის გამოც მისი გაყიდვა გახდა აუცილებელი.

 

“კავკასუს ონლაინის” დამაფუძნებლის თქმით, 2009 წლის სექტემბრიდან კომპანია კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რამდენჯერმე დააჯარიმა, ჯამში, 660 ათასი ლარით, უცნობმა პირებმა კი ქალაქში მასობრივად დაიწყეს ინტერნეტის კაბელების გადაჭრა. სანადირაძის თქმით, ამას “ელექტროკავშირის”(ამჟამინდელი “სილქნეტი”) და მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები აკეთებდნენ. როცა “კავკასუს ონლაინის” უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტის გაყვანილობის დამზიანებლები რამდენჯერმე გადასცა პოლიციას, სამართალდამცავებმა ისინი არ დააპატიმრეს.

 

“ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ საქმის კურსში იყო შსს და, შესაბამისად, ვანო მერაბიშვილი”, – ამბობს მამია სანადირაძე. ის ასევე იხსენებს, რომ დაჭერის საფრთხის წინაშე იდგა, რადგან საგადასახადო სამსახური “კავკასუს ონლაინს” ბიუჯეტს აბრალებდა 11 მილიონის ოდენობის ზარალის მიყენებას.

 

“მითხრეს, რომ ინტერნეტს იაფად ვყიდდი და, შესაბამისად, ბიუჯეტში უფრო ცოტა ფული შედიოდა. მათი თქმით, ეს ზარალი კი იყო 11 მილიონი”, – ამბობს მამია სანადირაძე. ის იხსენებს, რომ ამ პრობლემების კვალად გამოჩნდა მისი კლასელი ლევან ხუნდაძე, რომელმაც მას კომპანიის გაყიდვა შესთავაზა.

 

როგორც თავად ამტკიცებს, იმის გამო, რომ კომპანია არ დახურულიყო და თავად ციხეში არ აღმოჩენილიყო, “კავკასუს ონლაინის” გაყიდვას დათანხმდა მიზერულ ფასად.

 

მამია სანადირაძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უწყებები 2009 წელს “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ამჟამად სწორედ ამის გამოძიება სურს. ის აცხადებს, რომ კომპანიის ამჟამინდელ მფლობელებთან ჯერჯერობით პრეტენზიები არ აქვს და არც იმის მტკიცებულება გააჩნია, რომ მათ რაიმე კავშირი აქვთ “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი