დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მისი თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის საჩივარი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

 

სადავო ნორმა ღია და დახურულ ინტერნეტურთიერთობაში დაკვირვება-მონაწილეობის შესაძლებლობას იძლეოდა.

 

 

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს შეეძლო სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკვირვებოდა დახურულ ინტერნეტურთიერთობას, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების უფლებას არღვევდა.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო გარანტიას და არ გამორიცხავს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელმა პირმა სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსამართლის ბრძანების გარეშე, განახორციელოს დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზში აღნიშნულია: „სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობა. ვინაიდან სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად სასამართლოს ბრძანების აუცილებლობას და ამასთან, იგი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას კონსტიტუციის მიზნებისთვის, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *