ვალიშვილი: გაზპრომი კომერციული ფაქტორით არ სარგებლობს მოლაპარაკების ფორმატში

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის თქმით, გაზპრომი და რუსული მხარე კომერციული ინტერესით არ სარგებლობს მოლაპარაკების პროცესში და მას კომპლექსური, მათ შორის პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს.

ვალიშვილმა ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სალომე ასათიანთან ინტერვიუში გააკეთა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა საქართველოს მოლაპარაკებებს გაზპრომთან და საქართველოს მომგებიან პოზიციას, ვინაიდან სომხეთის გაზმომარაგებისთვის ირანის მარშრუტი იქნებოდა გაცილებით ძვირი და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დასჭირდებოდა საკმაოდ დიდი დრო, რაც საქართველოს აყენებდა მომგებიან პოზიციაში მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა, რეალურად, ეს ასე არ მოხდა.

“დღეს გაზის ინფრასტრუქტურა ირანიდან სომხეთის მიმართულებით არსებობს. ამ არსებული მილსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა არის 3.2 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც მეტია, ვიდრე სრული მოთხოვნა სომხეთის ბაზრისა ბუნებრივ აირზე. მილსადენი არსებობს. მისი დანიშნულების შეცვლა, თუ ამას ამოცანად დაისახავდა რუსული მხარე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, იქ მილის არარსებობის პირობებში 5 წლის განმავლობაში მოახერხა ის, რომ უკრაინის ტრანზიტის მოცულობები 100 მილიარდიდან ჩამოსულია მის 40%–ზე და, ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურა შეიქმნა. არ არის გამორიცხული, რომ მიზნობრიობა იმ გაზისა, რომელიც დღეს ირანიდან ხვდება სომხეთის ბაზარზე, შეიცვალოს და ეს ჩაითვალოს, როგორც წმინდა იმპორტი. გაზპრომი არ სარგებლობს კომერციული ფაქტორით გადაწყვეტილების მიღების ფორმატში, მას კომპლექსური მოტივაციები აქვს”, – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

მისი თქმით, გაზპრომთან ხელშეკრულება საიდუმლოა, როგორც ეს არის შაჰდენიზის ფარგლებში და სოკართან გაფორმებული ხელშეკრულებების შემთხვევაში,  მისი გასაჯაროება სამინისტროს არ შეუძლია. ვალიშვილის თქმით, ხელშეკრულების მხარეები არიან გაზპრომი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

“ხელშეკრულება არის ორწლიანი. 2017 წელს ჩვენ ისევ მივიღებთ ნაწილობრივ ნატურით ანაზღაურებას, ანუ ნახევარზე მეტს მივიღებთ ნატურის სახით. ჩვენ 2016 წელს 185 მლნ კუბური მეტრის ანაზღაურება მივიღეთ, 2017 წელს კი ნახევარზე მეტს მივიღებთ ნატურით, დაახლოებით 35–40%–ს მივიღებთ ფინანსური ანაზღაურების სახით. 2018 წელს სრულად მონეტიზაციაზე გადასვლის ფორმატია შეთანხმებული”, – განაცხადა ვალიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ ექსპერტების შეფასებით, ამ დრომდე საქართველო რუსული გაზის ტრანზიტით იღებდა დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარის გაზს და ახალი ხელშეკრულებით დაგვაკლდება დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი, ვალიშვილმა უპასუხა:

“2017 წელს ეს თანხა არის დაახლოებით იმ სარგებლიანობის ფორმატში, იმ დაშვებით, რომ შეიძლებოდა გაგრძელება 10%–იანი ძველი პირობების შენარჩუნებისა, არის თითქმის იგივე, ხოლო 2018 წელს არის, ბუნებრივია, უფრო ნაკლები. ვერ ვიტყვი, რომ არის იმ სხვაობის, რაც თქვენ დაასახელეთ, მნიშვნელოვნად ნაკლებია, ალბათ 60–70 პროცენტის ფარგლებში”.

მარიამ ვალიშვილის განმარტებით, მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) ჩართულობით გაცილებით ნაკლები სარგებლის მომტანი იქნებოდა ხელშეკრულება და ორმხრივ ფორმატში უფრო მომგებიან ფასზე მოხდა შეთანხმება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მაია მეცხვარიშვილი, რედაქტორი 2010 [ოქტომბერი] -2017 [დეკემბერი] წლებში.