ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ვალიშვილი “სოკარში” გადავიდა

13 ოქტომბერი, 2017 • 6075
ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ვალიშვილი “სოკარში” გადავიდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ვალიშვილი “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მრჩევლად დაინიშნა. მისი თქმით, სამინისტროში უთანხმოება არავისთან ჰქონია და საკუთარი სურვილით გადავიდა კერძო სექტორში სამუშაოდ.

“სამინისტროდან წასვლის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი წელიწადია ენერგეტიკის სამინისტროში ვარ. 8 ოქტომბერს უკვე 9 წელი სრულდებოდა. ვფიქრობ, რომ ახლა უკვე დრო იყო, კერძო სექტორისკენ გამეხედა. რასაკვირველია, მქონდა სხვა კომპანიებიდანაც არაერთი შემოთავაზება. ვფიქრობ, ჩემი კაპიტალი, გამოცდილება და რესურსი ამ შემთხვევაში, შემოთავაზებიდან და საქმიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალურად “სოკარში” იქნებოდა რეალიზებული,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მარიამ ვალიშვილმა.

კითხვაზე, რამდენწლიანია მისი შრომითი ხელშეკრულება “სოკარში”, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ კონტრაქტი არ აქვს, რადგან, სავარაუდოდ, მუდმივ შტატზეა საუბარი. მარიამ ვალიშვილი კომპანიაში უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს.

მარიამ ვალიშვილი 2008 წლიდან 2017 წლის 4 ოქტომბრამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სამინისტროში მისვლამდე ის ენერგეტიკულ კომპანიებში, მათ შორის “თელასსა” და “ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” მუშაობდა. მარიამ ვალიშვილი ასევე მუშაობდა ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში” და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით.

მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. 25.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. 25.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი