ახალი ამბები

გაიაფდა თუ არა რუსული გაზი – თურნავას განმარტება „გაპზრომთან“ მოლაპარაკებებზე

27 მაისი, 2020 • 1294
გაიაფდა თუ არა რუსული გაზი – თურნავას განმარტება „გაპზრომთან“ მოლაპარაკებებზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები ემსახურება კონტრაქტის დაზუსტებასა და უფრო კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი — ჩვენი მოლაპარაკება ყველა გაზის მომწოდებელთან, მათ შორის, გაზპრომთანაც არის წარმატებული, თითოეული ცვლილება და დაზუსტება, რომელიც შედის კონტრაქტში (ეს არ არის ახალი კონტრაქტი, წლის ბოლომდეა დადებული და მორიგი დაზუსტება შევიდა) ემსახურება უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში.

თქვენ შეგიძლიათ ისიც დაინახოთ ირიბად, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული საიდუმლოებაა და ფასებზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვისაუბროთ, საქართველოს ბაზარზე საბითუმო ფასები ქვევით მოდის, იქნება ეს გაზგასამართი სადგურების ფასები თუ თუნდაც საწარმოების გაზმომარაგება”, – თქვა თურნავამ.

მისივე განმარტებით, გაზის მომწოდებლებთან კონტრაქტში თითოუელი შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას.

“ფასები რომ ბაზარზე იკლებს, არის კონკურენციის შედეგი, მათ შორის ,გაპზრომთან შეთანხმების შედეგი. ეს არის ასევე აზერბაიჯანული გაზის კლების ტენდენციაც და აქ არის ორი ფაქტორი, რომ მსოფლიოშიც გაზის ფასი იკლებს და ეს ბუნებრივია, ამას მოჰყვება უკვე ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებები და ეს არის კონკურენცია, ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ მოიპოვება“, — განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


26 მაისს ცნობილი გახდა, რომ „გაზპრომთან მოლაპარაკებების შედეგად ბუნებრივი აირის ფასი დაახლოებით 15%-ით მცირდებოდა.

“ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება “გაზპრომთან” უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო მე ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც “სოკარი”, ასევე “გაზპრომიც” ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს და ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე”, – განაცხადა მაშინ თურნავამ.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) და რუსულმა Gazprom Export-მა 2019 წლის 13 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფი 2020 წლის აპრილში განაახლეს. ახალი ტარიფი, რომლის ოდენობა გასაიდუმლოებულია, 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

თუმცა 27 მაისს რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „ტასსმა“ დაწერა, რომ გაზპრომი უარყოფდა საქართველოსთვის გაზის გაიაფებას და კომპანიის განცხადებით, ფასი უცვლელი დარჩებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი