ახალი ამბები

ბურჯანაძე “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოების გამო მთავრობას აკრიტიკებს

23 იანვარი, 2017 • 2428
ბურჯანაძე “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოების გამო მთავრობას აკრიტიკებს

“დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანია “გაზპრომთან” გასაიდუმლოებულად გააფორმა ხელშეკრულება, რაც არის უკანონობა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სახელით ხელს აწერს მთავრობა, უნდა იყოს საჯარო.

“ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სახელით ხელს აწერს მთავრობა, უნდა იყოს საჯარო. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ცალკეული ხელშეკრულებები შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული, არის ტყუილი,” – აცხადებს ბურჯანაძე.

დემოკრატიული საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავითარი უფლება აქვს, ხელშეკრულება გაასაიდუმლოოს და დაუმალოს საკუთარ მოქალაქეებს:

“როგორც ჩანს, მთავრობამ არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე საერთაშორისო სამართალში აკრძალულია ნებისმიერი საიდუმლო ხელშეკრულების ხელმოწერა. ხელშეკრულება, რომელიც არ არის საჯარო და არის გასაიდუმლოებული, რომელიც არის სამთავრობო და არა კერძო პირებს შორის დადებული, ითვლება ბათილად. ასე რომ, საქართელოს ხელისუფლებას არავითარი უფლება არ აქვს, ხელშეკრულება გაასაიდუმლოოს და დაუმალოს საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის უკანონობა. ასე რომ, ხელშეკრულების გასაიდუმლოება, ბუნებრივია, აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გარიგება ემსახურება კონკრეტული პირების პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს, ხოლო სახელმწიფოს ინტერესები მეორეხარისხოვანია. აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს.”

ნინო ბურჯანაძემდე საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება გააკრიტიკა “პატრიოტთა ალიანსმაც”, თუმცა, ბურჯანაძისგან განსხვავებით, დავით თარხან-მოურავმა მედიას გააცნო თავისი გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც გაზპრომთან შეთანხმებით მინიმუმ 16 მლნ დოლარი დაკარგა საქართველომ. ირმა ინაშვილმა კი ენერგეტიკის სამინისტროსგან ხელშეკრულების ასლი და მთავარი აქცენტების გასაჯაროება მოითხოვა.

18 იანვარს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ, პლატფორმა “დაიცავი თავისუფლების” საპროტესტო აქცია–პერფომანსი გაიმართა საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ადამიანების მიზანია,  გააპროტესტონ ის ხელშეკრულება, რომელსაც მთავრობა აფორმებს გაზპრომთან. კახა კალაძემ აქციის პარალელურად ბრიფინგი გამართა და რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოწინააღმდეგეებს “გამარგინალებული, მოსახლეობაში არაპოპულარული პირები/ჯგუფები” უწოდა, რომლებიც “დეზინფორმაციულ ისტერიას” აწყობენ.

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროთ საპარლამენტო უმცირესობამ ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში მიიწვია, თუმცა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს არ უპასუხებს. მისივე თქმით,  უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, პარლამენტში მივიდეს და “გაზპრომთან” გაფორმებული შეთანხმების საკითხზე დეტალურად ისაუბროს.

ვრცლად, რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი