დავით თარხან-მოურავი: გაზპრომთან შეთანხმებით მინიმუმ 16 მლნ დოლარი დავკარგეთ

“პატრიოტთა ალიანსის” განცხადებით, გაზმრომთან დადებული ახალი ხელშეკრულებით საქართველომ მინიმუმ 16 მილიონი ამერიკული დოლარით იზარალა. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა, დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა დღეს, 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

დავით თარხან-მოურავმა ბრიფიგზე საკუთარი გაანგარიშება წარმოადგინა, თუ რას იღებდა საქართველო აქამდე და რას მიიღებს ახალი ხელშეკრულებით:

“რუსეთი საქართველოს გავლით აწვდის გაზს სომხეთს. 2016 წელს მიწოდებული გაზის მოცულობა დაახლოებით იყო ორი მილიარდ ასი მილიონი კუბური მეტრი. რუსული და სომხური პრესიდან ვიტყობთ, რომ წელს სავარაუდო მოცულობა არის ორი მილიარდ ოთხასი კუბური მეტრი ან მეტი და მომავალ წლებში ეს მოცულობა კიდევ გაიზრდება. საქართველოს გატარებული მოცულობის ათი პროცენტი რჩებოდა. ანუ 2016 წელს საქართველოს დარჩებოდა 240 მილიონი კუბური მეტრი გაზი.  ზუსტი ფასი უცნობია, მაგრამ შევჯერდეთ 185 დოლარზე ათას კუბურ მეტრში. ეს ნიშნავს, რომ 2016 წელს რა გაზიც გვრჩებოდა, მისი ფულადი ღირებულება 44 მილიონ 400 ათასი უნდა ყოფილიყო, ან მეტი.  სატრანზიტო ღირებულება ყოველთვის ძალიან იაფია. 100 კილომეტრზე გავლილი 1000 კუბური მეტრიდან ხდება სატრანზიტო გადასახადის ანგარიში და სამი დოლარის ფარგლებში ტრიალებს. ძალიან კარგი ფასია 4 დოლარი და ფანტასტიკური ფასია 5 დოლარი.

220 კილომეტრია იმ მილის სიგრძე, რომლითაც გაზი გადის, და თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფელბამ 5 დოლარზე მიაღწია შეთანხმებას, ეს ნიშნავს, რომ მთელ სიგრძეში 12 დოლარს მივიღებთ და თუ კუბურ მეტრებზე გადავამრავლებთ, მაქსიმუმ 28 დოლარს მიიღებს ქვეყანა. ჯამში, ეს არის 28 მილიონი დოლარი. სრულიად ნათელია, რომ 16 მილიონი დოლარი ან მეტი დავკარგეთ. ყველა შემთხვევაში, ჩვენთვის წამგებიანია ეს,” – აღნიშნავს თარხან-მოურავი.

მისივე თმით, მოლაპარაკება  იყო უხარისხო და ქვეყნისთვის საზიანო:

“თუ უარს ვიტყვით გაზის გატარებაზე, შეიძლება მოძმე სომხეთმა ბლოკადაში დაგვადანაშაულოს. მსოფლიოში ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ სატრანზიტო გადასახადზე გადავიდეს, მაგრამ მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლებამ აწარმოა, საქართველოსთვის სასარგებლო არ იყო, ხარისხიანად წარმოებული არ იყო.”

პატრიოტთა ალიანსში ასევე მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულების გასაიდუმლოება აჩენს დამატებით ეჭვებს:

“ჩვენ შეგვიძლია, ხელისუფლებას მოვუწოდოთ, რომ გონივრულ ფარგლებში გახსნას ხელშეკრულება, ამდენი საიდუმლო არაა საჭირო და ჩვენ საშუალება მოგვეცემა, ხელშეკრულება შევაფასოთ. გაზის ფასი აუცილებლად მოიმატებს და ის დანაკარგი, რაც ამ ხელშეკრულებამ გამოიწვია, მოქალაქეების ჯიბიდან ანაზღაურდება.  ძალიან საეჭვოა, რომ აქ კორუფციური ზრახვები იყოს, მაგრამ ეს გასაიდუმლოება, ვფიქრობ, იმითაა განპირობებული, რომ მოლაპარაკებების პოლიტიკური წარუმატებლობა დაიმალოს,” – აცხადებს თარხან მოურავი.

ირმა ინაშვილის თქმით, ენერგეტიკის სამინისტროსგან ხელშეკრულების ასლი მოითხოვა და მიღებულ პასუხს გაასაჯაროებენ:

“უნდა გასაჯაროვდეს ის მთავარი აქცენტები მაინც, რაც საზოგადოებისთვის საინტერესოა. ”

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროთ საპარლამენტო უმცირესობამ ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში მიიწვია, თუმცა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს არ უპასუხებს. მისივე თქმით,  უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, პარლამენტში მივიდეს და “გაზპრომთან” გაფორმებული შეთანხმების საკითხზე დეტალურად ისაუბროს.

ვრცლად, რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.