ახალი ამბები

აქცია–პერფორმანსი თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ

18 იანვარი, 2017 • 4848
აქცია–პერფორმანსი თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ

თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ, პლატფორმა “დაიცავი თავისუფლების” საპროტესტო აქცია–პერფომანსი მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების წინააღმდეგ.

აქციის ორგანიზატორის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ადამიანების მიზანია,  გააპროტესტონ ის ხელშეკრულება, რომელსაც მთავრობა აფორმებს გაზპრომთან.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვატარებთ ტრანზიტით რუსულ გაზს სომხეთისკენ. ისიც მოგეხსენებათ, რომ სხვა გზა რუსეთს არ აქვს იმიტომ, რომ ამ ტერიტორიას ვერ გადააფრინდება. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მიდის ხელისუფლება ასეთ დათმობაზე რუსეთთან და რატომ ცვლის ჩვენთვის მომგებიან პირობებს წამგებიანზე. ეს შემაშფოთებელია იმიტომ, რომ დღეს შეიძლება ამას არ აქვს დიდი გავლენა, ისეთ რაოდენობაზეა საუბარი, მაგრამ თავისთავად შესაშფოთებელია ხელისუფლების მოქმედება, როცა მას ყველა ბერკეტი ხელში აქვს, მაშინ მიდის ასეთ დათობაზე და წარმომიდგენია, უფრო რთულ და მძიმე მოლაპარაკებებში რას იზამენ.”

აქცია–პერფორმანსი თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ. 18.01.2017. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

აქცია–პერფორმანსი თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ. 18.01.2017. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანიას შორის მოლაპარაკებები წარიმართოს გამჭვირვალედ.

“დღეს ყველაფერი არის გასაიდუმლოებული და ისიც კი არ ვიცით, რა ფასად გვთავაზობენ დანაკლისის შევსებას ან რა ფასს გვიხდიან ტრანზიტში. პირველ რიგში მოვითხოვთ, რომ მოლაპარაკებები გასაჯაროვდეს. ასევე მოვითხოვთ, რომ ჩვენი ინტერესებისთვის იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებამ და არა რუსეთისთვის. ამისთვის ვუხდით ამ მთავრობას ფულს,” – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

აქცია–პერფორმანსი თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ. 18.01.2017. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

აქცია–პერფორმანსი თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ. 18.01.2017. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

საპროტესტო აქციის პარალელურად, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოწინააღმდეგეებს “გამარგინალებული, მოსახლეობაში არაპოპულარული პირები/ჯგუფები” უწოდა, რომლებიც “დეზინფორმაციულ ისტერიას” აწყობენ.

“გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით. ასევე, შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკე გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისაგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება. სამწუხაროა და ეს არ არის ახალი, თუ როგორ იყენებენ მსგავს თემებს და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟის და უსაფუძვლო ისტერიკის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს – მიიქციონ ყურადღება და დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ სხვა ბენეფიტები მსგავსი პოპულისტური განცხადებებით,” – განაცხადა კალაძემ.

საქართველოსა და “გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახლად გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რასაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებულია. საზოგადოების ყურადღება მხოლოდ “გაზპრომთან” ხელშეკრულების პირობების შეცვლაზეა კონცენტრირებული, თუმცა სპეციალისტებისთვის უფრო მწვავე პრობლემა გაზის სფეროში დადებული კონტრაქტების გაუმჭვირვალობაა, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა.

აქცია–პერფორმანსი თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ. 18.01.2017. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

აქცია–პერფორმანსი თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ. 18.01.2017. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველოსთვის გადასახდელი ტრანზიტის საფასური ევროპის ქვეყნებს შორის “ერთ-ერთი ყველაზე მაღალი” იქნება, თუმცა არ ასახელებს საფასურის ოდენობას. კალაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ საქართველოს შეეძლება, სურვილის შემთხვევაში, 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარი გადაიხადოს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობაში სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ ამ ინფორმაციას ავრცელებს “გაზპრომიც”.

ვრცლად, რა ვიცით, რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი