ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კვლევის მიხედვით, დამფუძნებლის დასანქცირების ფონზე, რუსეთის უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის, Wildberries-ის გეგმები საქართველოში მასშტაბურად ფართოვდება.

კერძოდ, კომპანიამ რუსთავთან ახლოს სახელმწიფოსგან 19 ჰექტარზე მეტი მიწა შეიძინა, სოფელ გამარჯვებაში საწყობი იჯარით აიღო, თბილისში კი ტაქსის სერვისის გაშვებისთვის ემზადება.

Wildberries-ის ქართული ოპერატორის „ტრანსკომ გრუპის“ თავდაპირველი მფლობელი ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლაშა მეგრელიძე იყო. EPRC კვლევის თანახმად, 2024 წლიდან კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია სერგი თვალჭრელიძე, „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ამავე პარტიის დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესპარტნიორი.

Wildberries-ის გაფართოება საქართველოში

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კვლევის თანახმად, 2022 წლის 26 ივლისს საქართველოში დარეგისტრირდა შპს „ტრანსკომ გრუპი“, რომელიც მოგვიანებით Wildberries-ის ადგილობრივი ოპერატორი გახდა. პლატფორმამ გაყიდვები 2024 წლის 22 ოქტომბერს ფრანშიზის მოდელით დაიწყო. პირველ ეტაპზე მომხმარებლებს დაახლოებით რვა მილიონი დასახელების პროდუქტი შესთავაზეს. შეკვეთები თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ პუნქტში გაიცემოდა. შემდეგ გაცემის ქსელი თბილისს გასცდა და პლატფორმაზე გაყიდვის შესაძლებლობა ქართველ მეწარმეებსაც მიეცათ. შეკვეთის გაცემის პუნქტი მომხმარებელს უკვე გამზადებულ ამანათს გადასცემს, საწყობი კი გამყიდველებისგან საქონლის მიღებას, მარაგის შენახვასა და შეკვეთების განაწილებას ემსახურება. ქართულ პორტალზე გამყიდველებისთვის გამოქვეყნებული პირობები საქონლის მიღების, შენახვის,
დახარისხებისა და მიწოდების მოდელებსაც მოიცავს.

კვლევისთვის თავმოყრილი სარეგისტრაციო მონაცემებით, 2026 წლის იანვარში „ტრანსკომ გრუპმა“ ოთხი ნაკვეთი პრივატიზაციის გზით, უშუალოდ სახელმწიფოსგან შეიძინა. ოთხივე თბილისი-წითელი ხიდის საერთაშორისო გზის მე-17 კილომეტრის მიმდებარედ, ერთ უბანშია თავმოყრილი.

„ოთხი ნაკვეთის ერთ უბანში თავმოყრა და ოპერატორის უკვე დოკუმენტირებული სასაწყობე საქმიანობა საფუძველს ქმნის ვარაუდისთვის, რომ მიწა საწყობის ან ლოგისტიკური კომპლექსისთვისაა გამიზნული. პროექტის დანიშნულება, შენობების ფართობი და მშენებლობის ვადები საჯარო მასალებით ჯერ ვერ დგინდება“, — ნათქვამია კვლევაში.

2026 წლის 28 ოქტომბერს „ტრანსკომ გრუპმა“ გამოაცხადა ტენდერი სასაწყობე ობიექტში მობილური კავშირის სიგნალის გასაუმჯობესებლად. ტექნიკურ აღწერაში მითითებულია სოფელი გამარჯვება და დაახლოებით 13 000 მ² ფართობის სასაწყობე ობიექტი. „ტრანსკომ გრუპმა“ გარდაბანში მეორე საიჯარო ხელშეკრულებაც გააფორმა — ხელშეკრულება 2025 წლის 16 მაისს ორი წლის ვადით დაიდო და უძრავ ქონებას ეხება.

„ამ ფართობების გარდა, თუ რუსთავთან ლოგისტიკური ცენტრი მოეწყობა, ჯგუფს რუსეთის ფარგლებს გარეთ საქონლის მიღების, შენახვისა და განაწილების დამატებით გაცილებით დიდი შესაძლებლობა ექნება. შეძლებს თუ არა ის რუსეთში დაზიანებული საწყობების ზოგიერთი ფუნქციის გადაბარებას, დამოკიდებულია კომპლექსის სიმძლავრეზე, მომსახურების ბაზრებსა და ტვირთის მოძრაობის მიმართულებებზე“, — ნათქვამია კვლევაში.

WB Taxi-ის გაშვებისთვის მზადება თბილისში

„ტრანსკომ გრუპმა“ ოქტომბერში გამოაცხადა ორი ტენდერი, რომელიც WB Taxi-ის ავტომობილების ბრენდირებას ეხებოდა. EPRC-ის განცხადებით, გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება, რამდენი ავტომობილი დაიბრენდა, დაიწყო თუ არა მგზავრების გადაყვანა და ვინ იქნება უშუალო გადამყვანი, საჯარო ჩანაწერებში ვერ დგინდება. ნოემბრის დასაწყისისთვის სერვისი მოქმედებდა ბელარუსში, ყირგიზეთში და უზბეკეთში. 22 სექტემბერს ერევანში ადრეული წვდომის რეჟიმი ამოქმედდა. რუსეთში ჯგუფმა აპრილში შეიძინა Citymobil, Taxovichkof და Gruzovichkof. უშუალოდ WB Taxi-ის ბრენდით რუსეთში სერვისის ამოქმედება მოძიებული ცნობებით ვერ დადასტურდა.

„თბილისში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით გადაყვანას მუნიციპალური ნებართვა სჭირდება. ვის სახელზე იქნება ნებართვები და ვინ აგებს პასუხს მგზავრის გადაყვანაზე, დამოკიდებულია იმაზე, ქართული ოპერატორი თავად მოემსახურება მგზავრებს თუ შეკვეთებს პარტნიორ გადამყვანებს გაუნაწილებს. საქართველოში უკვე მოქმედი Yandex Go საკუთარ თავს საინფორმაციო სერვისად აღწერს და მიუთითებს, რომ მგზავრებს გადამყვანები ემსახურებიან. ტაქსის აპლიკაცია ამუშავებს მისამართებს, მგზავრობის დროსა და ანგარიშთან დაკავშირებულ ინფორმაციას. განმეორებადი მარშრუტებით შეიძლება ადამიანის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი ან ყოველდღიური გადაადგილების რეჟიმი გამოიკვეთოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინ მართავს ქართულ სერვისს, სად ინახება
მგზავრობის ისტორია და რა საფუძვლით შეიძლება მისი სხვა ქვეყანაში გადაცემა. თუ სერვისი ამოქმედდება, Yandex Go-ს რუსულ ჯგუფთან დაკავშირებული კიდევ ერთი პლატფორმა დაემატება“, — ნათქვამია კვლევაში.

Wildberries-ის ქართველი ოპერატორის პოლიტიკური კავშირები

EPRC მიუთითებს Wildberries-ის ქართველი ოპერატორის პოლიტიკურ კავშირებზეც. საქართველოში Wildberries-ის ამოქმედებიდან მალევე, საქსტატის ბიზნესრეგისტრის 2024 წლის ნოემბრის ჩანაწერში „ტრანსკომ გრუპის“ პარტნიორად ლაშა მეგრელიძე ფიქსირდება. „ბანკი ქართუს“ ანგარიშგების თანახმად, მეგრელიძე 2023 წელს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა. ბანკის 2025 წლის აუდიტირებული ანგარიშგების მიხედვით, ბანკის პირდაპირი მესაკუთრე ფონდია „ქართუ“, საკუთრების სტრუქტურაში კი უტა ივანიშვილის წილი 35%-ია.

2024 წლიდან „ტრანსკომ გრუპის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გახდა სერგი თვალჭრელიძე, რომელიც ფიგურირებს სახელმწიფო მიწის პრივატიზაციის შესახებ იუსტიციის სამინისტროსთან დადებულ კონტრაქტებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ პოლიტიკური შემოწირულებების ბაზის მიხედვით, თვალჭრელიძემ 2025 წელს „ქართულ ოცნებას“ პირადად 30 000 ლარი შესწირა. სერგი თვალჭრელიძე, „ნამა კონსალტინგის“ 2025 წლის 31 მარტის ამონაწერით, კომპანიის დირექტორი იყო და 33%-ს ფლობდა. იმავე კომპანიაში 34%-იანი წილი ეკუთვნოდა გიორგი ბარვენაშვილს — ის ახლა დეპუტატია „ქართული ოცნების“ სიით.

საყურადღებოა, რომ „ნამა კონსალტინგსა“ და „ტრანსკომ გრუპს“ ერთი და იგივე იურიდიული მისამართი აქვთ — ბინა, რომელიც სერგი თვალჭრელიძის საკუთრებაშია.

„შესაბამისად, ღია წყაროებით დასტურდება, რომ კომპანია Wildberries-ის საქართველოში შემოყვანა, ოპერირება და გაფართოება „ქართუსთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მიერ ხდება“, — წერს ეკონომიკური კვლევის ცენტრი.

ცნობისთვის, 16 ნოემბერს ევროკავშირმა Wildberries-ის მფლობელი ტატიანა კიმი დაასანქცირა. მას ევროკავშირში აქტივები ეყინება და ეკრძალება შესვლა და ტრანზიტი. ევროკავშირის იურისდიქციაში მოქმედ პირებს ეკრძალებათ მათთვის თანხებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება. EPRC-ის შეფასებით, ტატიანა კიმის დასანქცირება მხოლოდ პერსონალურ შეზღუდვად არ უნდა განვიხილოთ და მას შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს თავად კომპანიის საქმიანობაზეც. ევროკავშირის სანქციების წესების თანახმად, თუ სანქცირებული პირი კომპანიის 50%-ზე მეტს ფლობს ან მას აკონტროლებს, სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები, როგორც წესი, ამ კომპანიაზეც ვრცელდება. ტატიანა კიმი Wildberries-ის 100%-ს ფლობს, ხოლო გაერთიანებულ კომპანია RWB-ში (Wildberries & Russ) მისი ირიბი წილი 65%-ს შეადგენს.

„შესაბამისად, Wildberries შესაძლოა, სერიოზული ფინანსური და საოპერაციო რისკების წინაშე აღმოჩნდეს. მათ შორისაა საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების შეფერხება ან დაბლოკვა, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მომსახურებაზე უარის თქმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ხელშეკრულებების შეჩერება ან შეწყვეტა და მიწოდების ჯაჭვების დარღვევა. გარდა ამისა, სანქციების გვერდის ავლის რისკის თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა კომპანიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვან ბანკებმა და პარტნიორებმაც“, — ნათქვამია კვლევაში.

თავად Wildberries-ის განცხადებით, ჯგუფს ევროკავშირში აქტივები და საქმიანობა არ აქვს და კიმის სანქცირება ოპერაციებზე გავლენას ვერ მოახდენს.