ახალი ამბები

ივანიშვილი ‘მაღალმთიანი რეგიონების შესახებ’ კანონს აამოქმდებს

10 ოქტომბერი, 2012 • 1504
ივანიშვილი ‘მაღალმთიანი რეგიონების შესახებ’ კანონს აამოქმდებს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრში დღეს, 10 ოქტომბერს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმდებაზე ისაუბრეს.

 

კანონზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მთის სოფლების აღორძინებასა და მოსახლეობის დაბრუნებას, ბიძინა ივანიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულებმა ისაუბრეს. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. 

 

“გვეგმავთ, კანონი მთელი თავისი მოცულობით ავამოქმედოთ. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მაღალმთიანი რეგიონის განვითარებას,”- აცხადებს ქუცნაშვილი. 

 

აღნიშნული კანონის ამოქმდება ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მან მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაახმიანა. 

 

“ჩვენ ავამოქმედებთ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს მთის სოფლების აღორძინებას და მოსახლეობის დაბრუნებას. სოფელს  ეყოლება პატრონი და ეს პატრონი მისი მოსახლეობა იქნება! სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდება მაღალმთიანი რეგიონის მცირეკონტინგენტიანი სკოლები, ყველა სოფელში აღდგება ბაგა-ბაღები და სკოლები, რადგან მათზეა დამოკიდებული არა მარტო განათლების საკითხი, არამედ მოსახლეობის დამაგრება და ისტორიული კუთხეების დაცლისაგან გადარჩენა,”- განაცხადა ივანიშვილმა თავის მიმართვაში. 

 

საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ, რომელიც 1999 წელს იყო მიღებული, 2009 წელს შეჩერდა. 

 

აღნიშნულ კანონს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და თანამედროვე მოთხოვნებისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით მდგრადი განვითარების პოლიტიკის გატარება უნდა უზრუნველეყო. 

 

“მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება, კანონის პირველადი ჩანაწერის შესაბამისად, ასეულობით სოფელზე, თემსა და დაბაზე ვრცელდებოდა. 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი