ახალი ამბები

„ევსაქებმა“ ბექა ნათელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს მცხეთის მაჟორიტარად

15 სექტემბერი, 2020 • 1070
„ევსაქებმა“ ბექა ნათელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს მცხეთის მაჟორიტარად

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში მხარს დაუჭერს „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს, შალვა ნათელაშვილის შვილს, ბექა ნათელაშვილს.

როგორც პარტიის პრესსამსახური იუწყება, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დუშეთში მხარდამჭერებს დღეს წარუდგინა ნათელაშვილი და გადაწყვეტილება გააცნო.

პარტიის თანახმად, ნათელაშვილს მხარი დაუჭირეს, „რათა არ გაყოფილიყო ხმები და ამით არ ესარგებლა ბიძინა ივანიშვილს“. როგორც პარტიის პრესსამსახური წერს, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ყოველმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, ხოლო დღეს ქვეყნის მთავარი ინტერესი გარდამტეხი ცვლილებებია“.

„მცხეთა-მთიანეთის ოლქში, იქ, სადაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ჩვენ აღარ ვაყენებთ ჩვენ კანდიდატს, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა და ამით არ იხეიროს ქართულმა ოცნებამ, და გადაწყვეტილება მივიღეთ მხარი დავუჭიროთ ლეიბორისტული პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს“, – განაცხადა ბაქრაძემ

მისი თქმით, ეს ნაბიჯი უჩვენებს, რომ პარტიისთვის მთავარია „ამ არჩევნებში ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება, რადგან ეს არის გზა, ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები“.

ბექა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის შვილია. ის არის ოპოზიციური მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი. მან საკუთარი კანდიდატურა მცხეთაში 7 აგვისტოს თვითონ წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი