ახალი ამბები

იზორია: კრწანისის ბაზაზე შეჭრის მცდელობის მოტივი ქურდობა იყო

30 დეკემბერი, 2016 • 3189
იზორია: კრწანისის ბაზაზე შეჭრის მცდელობის მოტივი ქურდობა იყო

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, კრწანისის სამხედრო-სასწავლო ბაზაზე შეჭრის მცდელობის მოტივი ქურდობაა. ბაზაზე შეჭრის მცდელობას გიგა შენგელიას სიცოცხლე ემსხვერპლა. იზორიას თქმითვე, იდენტიფიცირებული არიან ის ორი პირიც, რომლებიც შენგელიასთან ერთად ბაზაზე შეჭრას ცდილობდნენ.

“მინდა გითხრათ, რომ უმოკლეს პერიოდში იდენტიფიცირებული იყვნენ პიროვნებები, რომლებიც შეიჭრნენ ამ ტერიტორიაზე, დადგენილია მათი მოტივიც. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, 25 დეკემბერს გაიმართა კომისიური სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა და, ალბათ, მალე დაიწყება არსებითი განხილვაც. შეჭრის მოტივი იყო ქურდობა. ეს მოტივი იყო ცალსახად, ამაზე არსებობს უკვე ჩვენებები”,- განაცხადა იზორიამ დღეს, 30 დეკემბერს მედიასთან გამართულ წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია და იგი 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა. მასთან ერთად ცენტრში შეჭრას კიდევ ორი პირი ცდილობდა.

კრწანისის სამხედრო სასწავლო ცენტრში მოკლული გიგა შენგელიას მამა იმყოფებოდა. ცენტრის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებისაგან მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი მიიღო. ამის შემდეგ მას რაიმე ტიპის პრეტენზია აღარ გამოუთქვამს საჯაროდ თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომელთანაც მისი შვილის მკვლელობის გამო მანამდე ჰქონდა შეკითხვები.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი