ახალი ამბები

პარლამენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

26 დეკემბერი, 2016 • 3547
პარლამენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილებაზე მუშაობას იწყებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კანომდებლობა 2017 წლის 31 მარტამდე უნდა შეიცვალოს.

როგორც დღეს, 26 დეკემბერს, არასამთავრობოებთან შეხვედრისას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე მუშაობა ძალიან სწრაფად დაიწყება. მისივე თქმით, დეკემბერში პარლამენტში უკვე დაიწყეს კვლევა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოსმენების მოდელების გაცნობა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ 26 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისეთი მოდელი იქნება მიღებული, რომელშიც დაბალანსებული იქნება ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება.

“უამრავი გამოწვევაა და სუსი არ ემუქრება ჩვენი მოქალაქის ღირსებას, პატივს და მის თავისუფლებებს. ვფიქრობ,  სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია ზოგიერთს მთავარ ამოცანად დაუსახავს და მეორე რიგში აქვს დაყენებული ის, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება ჰქვია. უნდა იყოს დაბალანსებული, ადამიანის უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება ერთმანეთთან უნდა მოდიოდეს სრულ შესაბამისობაში, ასეთი კანონი იქნება მიღებული,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნლისტებთან საუბრისას.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი” გიგი წერეთელი ამბობს, რომ მოსმენების “გასაღები” არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ ხელში:

“სამართალდამცავ სტრუქტურებს არ უნდა ჰქონდეთ მონოპოლია მოსმენებზე. ეს უნდა იყოს კანონით რეგულირებული,”- განაცხადა ჟურნალისტებთან გიგი წერეთელმა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აპირებს, ეს სკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს:

“მივუდგები ძალიან დიდი გულისხმიერებით იმიტომ, რომ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ შიშის ქვეშ, რომ ვიღაც გადაგვიღებს, ვიღაც მოგვისმენს… ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება არის დაცული. ჩვენი პირადი საუბრები უნდა იყოს დაცული,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტმა მკაცრი მიდგომა უნდა გამოიყენოს ამ საკითხებზე მუშაობისას:

“მოსმენა და ფარული მიყურადება გამოიყენებოდა, როგორც დევნისა და შანტაჟის ინსტრუმენტი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას სუფთა ფურცლიდან. ჩვენ გვჭირდება მკაცრი მიდგომა და ყველა ის ბერკეტი, რომ შევძლოთ და მსგავსი ისტორიის განმეორება თავიდან ავიცილოთ,”- განაცხადა ანა დოლიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

2014 წლის 29 ნოემბერს ფარული მიყურადების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შესაბამისად, დღეს მოქმედებს სისტემა, რომლის თანახმადაც, მოსმენების “გასაღები” არის სუს-ში, ხოლო “საკონტროლო გასაღები” აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა, შესაბამისად, პარლამენტს 3 თვე აქვს დარჩენილი კანონმდებლობის შესაცვლელად.

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის 26 დეკემბრის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მათთან ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებდნენ. თავის მხრივ, სამუშაო ფორმატში მუშაობის სურვილი გამოთქვეს თავად ამ ორგანიზაციებმაც.

არასამთავრობოებს უკვე აქვთ წარმოდგენილი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ფარული მოსმენების გასაღების სუს-იდან გამოტანას და დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას. მერვე მოწვევის პარლამენტს ეს მოდელი არ განუხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი