ახალი ამბები

სამი ახალი უწყება თვალთვალის ახლებური სისტემის შექმნისთვის

29 აპრილი, 2016 •
სამი ახალი უწყება თვალთვალის ახლებური სისტემის შექმნისთვის

კამპანიამ “ეს შენ გეხება” ფარული მიყურადების ახლებური სისტემის შესაქმნელად 28 აპრილს წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რაც ითვალისწინებს თვალთვალის სპეციალური სააგენტოს, საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოსა და დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმის შექმნას.

როგორც კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციის, საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მათი საკანონმდებლო ინიციატივები სრულად იყო ნაკარნახევი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 14 აპრილს დაკმაყოფილებული საკონსტიტუციო სარჩელით.  გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის დღეს მოქმედი წესი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არსებული მოდელი 31 მარტამდე უნდა შეიცვალოს.

ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებას უკვე აღარ რჩება დიდი არჩევანი იმისათვის, რომ სისტემა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

“ეს მოდელი არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო დანაშაულს ვეღარ შეებრძოლება. ეს მოდელი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო თვითონ არ ჩაიდენს დანაშაულს დანაშაულთან ბრძოლის სახელით და არ მოხდება ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით ადამიანებისა და საზოგადოების კონტროლი,”- ამბობს საია-ს თავმჯდომარე

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ საკონსიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა გამოეყოს დეპარტამენტი, რომელიც ფარულ თვალთვალზეა პასუხისმგებელი და ეს ფუნქციები სპეციალურმა სააგენტომ შეითავსოს:

“[სააგენტო] ერთი მხრივ, იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ექნება საგამოძებო ფუნქცია, რომ მასაც არ გაუჩნდეს ცდუნება დამატებითი “მსუყე ლუკმა” ინფორმაციის სახით მიიღოს და შემდეგ მოახდინოს მისით გარკვეული უკანონო მოქმედებები,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

თვალთვალის სპეციალური სააგენტო

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას თვალთვალის სპეციალური სააგენტო, რომელიც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო იქნება. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს ფუნქცია ჩამოერთმევა.

ამავდროულად, თვალთვალის სპეციალურ სააგენტოს არ ექნება საგამოძიებო ფუნქციები და ის იქნება მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი საგამოძიებო ორგანოებისთვის.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც “ეს შენ გეხებას” შეხვედრაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა, ლიკა საჯაიამ წარმოადგინა, სააგენტო დამოუკიდებელი ორგანო იქნება.

სააგენტო უფლებამოსილი იქნება, რომ ელექტრონული თვალთვალის განსახორციელებლად, ჰქონდეს კავშირგაბმულობის ხაზებიდან, ბაზებიდან და ა.შ. ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა. მას შეეძლება, რომ მონაცემები მოიპოვოს სასამართლოს განჩინებით, ან განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში.

სააგენტო ვალდებული იქნება, რომ აღრიცხოს ინფორმაციის ყოველი მოპოვების დაწყებისა და დასასრულის, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის გადაცემისა თუ განადგურების ფაქტი.

კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს უფროსად ვერ დაინიშნება პირი, თუკი ის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ან უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მუშაობდა. სააგენტოს უფროსის კანდიდატურებს 9 ადამიანისგან შემდგარი საკონკურსო კომისია ირჩევს, საბოლოოდ, ამ თანამდებობაზე არჩევა პარლამენტის შემადგენლობით 3/5-ით ხდება.

სააგენტოს უფროსი 7 წლის ვადით ინიშნება. კანონპროექტის თანახმად, თვალთვალის სპეციალურ სააგენტოზე კონტროლს განახორციელებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და საპარლამენტო ზედამხედველობის საბჭო, რომლის შექმნაც ასევე არის გათვალისწინებული “ეს შენ გეხებას” მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით.

საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო

ახალი  საპარლამენტო ორგანო, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად უნდა შეიქმნას, საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოა.

EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე, რომელმაც შეხვედრაზე კანომპროექტის დეტალებზე ისაუბრა, ამობს, რომ სწორედ საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, ასევე თვალთვალის სპეციალურ სააგენტოზე, რომელიც კონკრეტულ სერვისს მიაწვდის უსაფრთხოების სამსახურს.

სპეციალური საზედამედველო საბჭო იქნება დაკომპლექტებული 3 პარლამენტარის ( საპარლამენტო უმრავლესობის 2 წევრი და უმრავლესობის მიღმა დარჩენილი 1 წევრი) და 2 – პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრისგან.

მისივე განმარტებით, საბჭოს ექნება შეუზღუდავი წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, რათა შეძლოს უსაფრთხოების სამსახურებზე კონტროლის განხორციელება. მას ასევე შეეძლება, რომ რეალურ დროში დააკვირდეს სამსახურის საქმიანობას და დასვას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი.

 

კანონპროექტის თანახმად, გათვალისწინებულია სუს-ის რეფორმაც. კერძოდ,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურს აღარ ექნება საგამოძიებო უფლებამოსილება და ისიც დაექვემდებარება საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს კონტროლს:

“ეს გულისხმობს იმას, რომ სამსახური ვერ გამოიძიებს როგორც მთლიან საქმეს, ისე არ შეეძლება განახორციელოს ერთი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება. ასევე, განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების მექანიზმები პარლამეტის წინაშე, სამსახურის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საიდუმლო ინფორმაციის დაშვებას საპარლამენტო საბჭოს წევრებზე, ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ მოხდეს გათვალისწინება იმ რეკომენდაციებისა, რომლებიც შეიმუშავა საპარლამენტო საბჭომ,”- ამბობს ის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კვლავ დარჩება ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ფუნქციები:

“თვალთვალის სპეციალური სააგენტო არავითარ ანალიზს არ აკეთებს, არავითარ შესწავლას საქმეებისა და ინფორმაციების, სააგენტო არის მხოლოდ სერვისის მომწოდებელი ორგანო. სააგენტო კონკრეტულ სუბიექტზე, კონკრეტული პერიოდით ახორციელებს მოსმენას თუ სხვა ღონისძიებას და მიაწვდის ამ ღონისძიებას იმ ორგანოს, რომელმაც მოითხოვა ამ უფლებამოსილების განხორციელება. სააგენტო არავითარ რისკების შესწავლას ან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს არ აკეთებს. უსაფრთხოების სამსახური კვლავ იქნება პასუხისმგებელი უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე, ის მოიძიებს ინფორმაციას, დაამუშავებს, შეისწავლის, მოახდენს იმ რისკების აღმოჩენას და პრევენციას, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას,”- განმარტავს გურამ იმნაძე.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ გამოძიებს კონკრეტულ, იმნაძის განმარტებით, როდესაც უსაფრთხოების სამსახური თავისი საქმიანობის ფარგლებში აღმოაჩენს დანაშაულის ნიშნებს, ამ ინფორმაციას ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწვდის. თუმცა, თუკი უსაფრთხოების სამსახურები აღმოაჩენენ კონკრეტულ სამართალდამცავ სისტემაში არსებულ დანაშაულს, ამას გამოიძიებს არა შსს, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლის შექმნის აუცილებლობაზეც არასამთავრობოთა ნაწილი უკვე დიდი ხანია საუბრობს.

 

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი

კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას მთავრობისგან, მათ შორის, პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მის ხელმძღვანელს პირობითად კომისარი ერქმევა და 7 წლის ვადით აირჩევა.

ამ კანონპროექტის შესახებ 28 აპრილის შეხვედრაზე OSGF–ის ადამიანის უფლებათა კოორდინატორმა, გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა.

კომისრის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა  3/5–ის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მაინც იქნება საჭირო. ბურჯანაძის განცხადებით, მის ასარჩევად აუცილებელი იქნება საპარლამენტი უმცირესობის მონაწილეობა და გამორიცხული იქნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწყვეტილების მიღება.

ამ მოდელის თანახმად, კომისარი პარლამეტს მოხსენებას წელიწადში ორჯერ წარუდგენს. ხოლო თუკი პარლამენტის წევრთა მხრიდან მოთხოვნა იქნება, ეს შეიძლება უფრო მეტჯერაც მოხდეს.

კანონპროექტის თანახმად, კომისრის ოფისს უნდა ჰქონდეს გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის ფუნქციები.

რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იურისდიქციას, ის მოიცავს არა მხოლოდ  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიებას, არამედ იმ დანაშაულების გამოძებასაც, სადაც  ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. კერძოდ, კანონპროექტით, დამოუკიდებელ მექანიზმს უნდა ჰქონდეს დევნისა და გამოძიების უფლებამოსილება მაშინ, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტის დასაბუთებული ვარაუდი, რომლის მიხედვით, გამოძიებას ობიექტურად ვერ წარმართავს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო სტრუქტურა.

Infograph_Geo-page-001

Infograph_Geo-page-002

კამპანიის “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მომზადებული ინფოგრაფიკები, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ფარული თვალთვალი სამი ახალი ორგანოს შექმნის შემმდეგ

“ეს შენ გეხებას” მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდა სუს-ის წარმომადგენელი, თუმცა მას საკუთარი პოზიცია არ გამოუთქვამს. აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმოადგენლები შეხვედრას არ ესწრებოდნენ.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას შემოთავაზებულ მოდელზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. საკონსტიტუციომ პარლამენტს არსებული მოდელის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა. ამ ეტაპზე ხელისუფლებას არ აქვს წარმოდგენილი კანონპროექტი, თუ როგორი სისტემა ჩაანაცვლებს არსებულს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილიყვნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და თავისი ხედვა დაეფიქსირებინათ. თუ ისინი ფიქრობენ, ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას, მაგრამ თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს რაიმე ფორმით, რაიმე სახით, ხელს შეუშლის სახელმწიფო უსაფრთხოებას და შესაბამისი უწყებების მუშაობას, მათ ეს არგუმენტებით უნდა დაასაბუთონ და შემოვიდნენ ჯანსაღ, ღია, თანასწორ დისკუსიაში, რომელიც წარმოადგენს მათ პოზიციას და საზოგადოებას აუხსნან, რატომ ფიქრობენ ისე, როგორც ფიქრობენ.

საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ ეს მოდელი არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვეღარ შეებრძოლება დანაშაულებრივ ქმედებებებს. პირველ რიგში, რაც შეეხება ტერორიზმს და ამ ტიპის დანაშაულებს, საერთოდ არ მიემართება ეს საკითხი, ეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონით რეგულირდება და ამას არ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მოხდება “ეს შენ გეხებას” მიერ კანონპროექტის ინიცირება, გიორგი ბურჯანაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპარლამენტო ფრაქციებთან და მათი სურვილია, ყველა ფრაქცია იყოს ჩართული ინიცირებაში. ბურჯანაძის თქმით, სავარაუდოდ კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი