ახალი ამბები

“თქვენ გგონიათ ეს შეწყდა?” – კახაძე უკანონო მოსმენებზე სადავო კანონს იცავს

6 სექტემბერი, 2022 • 694
“თქვენ გგონიათ ეს შეწყდა?” – კახაძე უკანონო მოსმენებზე სადავო კანონს იცავს

„თქვენ გგონიათ ეს შეწყდა?“ – ამ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით.

კახაძემ აღნიშნული კითხვა პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშნვების განხილვისას დასვა. საუბარია კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. აღნიშნული კანონით სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები. ასევე იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

კახაძის თქმით, თუკი ადრე მოსმენები უკანონოდ ხორციელდებოდა, ხომ არ სჯობს ეს ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექცეს.

„როგორ გვაწყობს? უკანონო მეთვალყურეობა, თვალთვალი, მოსმენა, რომელიც წესი იყო, თქვენ გგონიათ ეს შეწყდა? როგორ ფიქრობთ, აი, ამ უკანონო მეთვალყურეობა, მოსმენის და უბედურების აღმოსაფხვრელად, მისი დიაგნოსტირებისათვის, მისი კუპირებისათვის, იმ ვადების გაზრდა, რომელიც კანონიერი ჩარჩოთი, რომ სხვას საფრთხე არ მიადგეს და ეს გამოყენებული იქნეს როგორც დაიგნოსტიკური და სამკურნალო საშუალება? მე როგორც ექიმი ვამბობ, მე სამართლის ენით ლაპარაკი ამ შემთხვევაში არ ხელმეწიფება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.


ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო, რაც  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები. ასევე იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო და პირველ ივლისს ვენეციის კომისიას მიმართა თავისი მოსაზრების წარმოსადგენად.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, 26 აგვისტოს „გადაუდებელი მოსაზრება“ გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ და „ნაჩქარევს“ უწოდა და მისი გადახედვა მოითხოვა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი