პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყოფილი ინსპექტორი ლონდა თოლორაია ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის კუთხით კანონმდებლობაში არსებობს და აცხადებს, რომ ამაზე მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მომზადებულ ანგარიშშიც იყო ნათქვამი, რომელიც პარლამენტმა „თაროზე შემოდო“.
თოლორაიას თქმით, ანგარიშში პირდაპირ ეწერა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ ჰქონდა საკანონმდებლო ბერკეტი თავისი შეხედულებისამებრ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესულიყო ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესამოწმებლად და აღნიშნავს, რომ ამის შესაძლებლობა არც მის ბაზაზე შექმნილ ახალ სამსახურს აქვს:
„მე ამ წერილის შინაარსში ვერ შევალ, რა მართალია და რა ტყუილი — ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მე შევეხები მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენციას, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ფუნქცია ამ სამსახურის იყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგი. აღვნიშნავ ასევე იმასაც, რომ როდესაც იგი იყო სუს-ის უფროსის მოადგილე, მაშინ მე არ გახლდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ჩემი წინამორბედი იყო, თუმცა კანონმდებლობა და პრაქტიკა ამ მიმართულებით შეცვლილი არ არის.
მე როდესაც ანგარიში წარვადგინე საქართველოს პარლამენტში, რომელმაც წინა ანგარიშების მსგავსად თაროზე შემოდო, აქ პირდაპირ იყო ჩაწერილი იმ საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზის შესახებ, რომელსაც შეიცავდა კანონმდებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის კუთხით და დიახ, ამ სამსახურს, არც წინამორბედს და არც დღევანდელს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა, არ აქვს საკანონმდებლო და პრაქტიკული ბერკეტი, თავისი შეხედულებისამებრ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო შეამოწმოს, რა პროცესები მიმდინარეობს“, – აცხადებს თოლორაია ტელეკომპანია „პირველთან“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამსახური ვერ აღმოაჩენს უკანონო მოსმენებს, რადგანაც ყველა ჯერზე უწყებას წინასწარ უნდა აცნობოს, თოლორაია პასუხობს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ჩატარებული არცერთი მონიტორინგის დროს სასამართლო განჩინების გარეშე მიმდინარე ვერც ერთი მოსმენა ვერ გამოავლინეს:
„მე არ ვიცი, რა პროცესები მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც ისინი გაიგებდნენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ან მისი წინამორბედი – პერსონალური დაცვის სამსახური ატარებდნენ შემოწმებას, ეს იქითა მხარეა. თუმცა მე ანგარიშში პირდაპირ მეწერა, რომ იმისათვის, რომ მონიტორინგი ეფექტიანი იყოს, წინასწარი შეტყობინება ამის დამაბრკოლებელი მექანიზმია. იმისათვის, რომ ასეთი მანიპულირების საშუალება და ასეთი განცხადებების გაკეთების საშუალება არ ჰქონდეს არცერთ პირს ამ ქვეყანაში და მუდმივად არ ჩნდებოდეს ეჭვები, რომ ამ ქვეყანაში უკანონო მოსმენებია“, – ამბობს ლონდა თოლორაია ტელეკომპანია „პირველთან“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა 15 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ „უკანონო ფარული მოსმენების სისტემაში“ 2000 ოპერატიული მუშაკია ჩართული.
გოგაშვილის მტკიცებით, სუსი „VIP პერსონების“ კრებსებს პირადად ბიძინა ივანიშვილს უგზავნის.
მის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი „მოსმენებისათვის იყენებს არა მარტო სუსს, არამედ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას“.
„საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა“, – ამბობს გოგაშვილი.
გოგაშვილის განცხადებითვე, სუს-ში მუშაობისას ერთ-ერთი თანამშრომელი ამ კრებსებს მას უგზავნიდა, რომელსაც ამუშავებინებდა სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს „ატანდა ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ-მინისტრთან. რა თქმა უნდა, გომელაური იღებდა სრულ პატაკს“.
„ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუსსა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა“, – წერს გოგაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო გოგაშვილის მონათხრობი და მას ტყუილი უწოდა.
„ეს სრული სიცრუეა, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ვერანაირად ვერ დაავალებდა [რაიმეს გოგაშვილს], რადგანაც ის მას არ იცნობდა“, – უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს.