ახალი ამბები

პრეზიდენტის მოსმენა ვის სჭირდება?! ჩემი შეიძლება, საინტერესო იყოს — კობახიძე

15 სექტემბერი, 2022 • 968
პრეზიდენტის მოსმენა ვის სჭირდება?! ჩემი შეიძლება, საინტერესო იყოს — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას.

კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის კრიტიკას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და განცხადებას, რომ „როდესაც რამეზე საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ“.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?! ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 2012 წლამდე უკანონო მოსმენები იყო სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა.

„2012 წლამდე, ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, იმიტომ, რომ რეპრესიული რეჟიმი არ გვაქვს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვიღაცები როცა პარალელებს ავლებენ, ეს არის სპეკულაცია. როდესაც ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, გასაგებია. პრეზიდენტი რომ უერთდება, გასაგებია, რომ მას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც რადიკალურ ოპოზიციას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, არ მოსწონს და არ ემხრობა უკანონო მოსმენებს. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ მას არ უსმენენ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უპასუხა:

„მე ასე მგონია. როგორ შეიძლება რამეში იყო ამ სამყაროში დარწმუნებული“.

სალომე ზურაბიშვილმა ივნისში დაადო ვეტო მოსმენების შესახებ პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სადავო კანონს, რომელიც საგამოძიებო უწყებებს ფარული მიყურადების თვალსაზრისით უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი