ახალი ამბები

თალაკვაძე: საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა დეკემბერში გაიმართება

19 დეკემბერი, 2016 • 5779
თალაკვაძე: საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა დეკემბერში გაიმართება

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი წევრების ვინაობა.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საკონსტიტუციო კომისიის პერსონალური შემადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უნდა დაამტკიცოს.

“პირველი სხდომა იქნება დეკემბრის ბოლოს, მაგრამ საბოლოო სია ჯერჯერობით ჩვენ არ გაგვისაჯაროებია. ეს არის თავმჯდომარის პრეროგატივა და ის თავად გააკეთებს ამაზე განცხადებას,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დადგენილების პროექტი, სადაც კომისიის დაკოპლექტების წესი არის განსაზღვრული, პარლამენტის ბიურიომ 12 დეკემბერს დაარეგისტრირა. ამავე დღეს გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარს ამბობს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი “არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს” და მოკლებულია “პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას”.

დადგენილების პროექტის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი წარმომადგენლები, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს; ასევე, იმ პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ ხმების 3% მაინც მიიღეს;

კომისიაში, პროექტის თანახმად, ასევე უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ორი წარმომადგენელი (პრეზიდენტმა უარი თქვა საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე); მთავრობის ორი წარმომადგენელი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები; საქართველოს სახალხო დამცველი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; გენერალური აუდიტორი; უშიშროების საბჭოს მდივანი; ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განსაზღვრავს, თუმცა არაფერია ნათქვამი შერჩევის კრიტერიუმებზე.

საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი