ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიაში “ქართულ ოცნებას” 23 წევრი ეყოლება, ენმ-ს – 6

12 დეკემბერი, 2016 • 1983
საკონსტიტუციო კომისიაში “ქართულ ოცნებას” 23 წევრი ეყოლება, ენმ-ს – 6

მიმდინარე კვირაში პარლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიურომ დღეს, 12 დეკემბერს დაარეგისტრირა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისიის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი წარმომადგენლები, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს; ასევე, იმ პარტიების თითო წარმომადგენელი, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ ხმების 3% მაინც მიიღეს;

კომისიაში ასევე იქნება პრეზიდენტის ორი წარმომადგენელი; მთავრობის ორი წარმომადგენელი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები; საქართველოს სახალხო დამცველი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; გენერალური აუდიტორი; უშიშროების საბჭოს მდივანი; ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განსაზღვრავს, თუმცა არაფერია ნათქვამი შერჩევის კრიტერიუმებზე.

დადგენილების თანახმად, “ქართულ ოცნებას” კომისიაში 23 წევრი ეყოლება, “ნაციონალურ მოძრაობას” – 6 წევრი; ხოლო “პატრიოტთა ალიანსს” – 1 წევრი.

კომისია უფლებამოსილია მოამზადოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი; ხოლო მისი თანამდებობის პირები კომისიის თავმჯდომარე და მდივანი არიან.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, კომისია მიმდინარე წელს დაკომპლექტდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი