ახალი ამბები

რელიგიის სააგენტოს დამცველების შეკრება EMC-ის კრიტიკის პასუხად

14 დეკემბერი, 2016 • 2779
რელიგიის სააგენტოს დამცველების შეკრება EMC-ის კრიტიკის პასუხად

საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მათ საქმიანობაში ჩარევას არ ცდილობს. დღეს, 14 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა ეკლესიის და ებრაელთა კავშირის წარმომადგენლები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ რელიგიის საქმეთა სააგენტო ეფექტურად მუშაობს და რელიგიური უმცირესობების პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ამგვარად მათ “ადამიანისა უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკული ანალიზი” უპასუხეს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი, კონკრეტულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, მუსლიმთა დამოუკიდებელი გაერთიანების “ქართველ მუსლიმთა კავშირის” შეფასებით, არ წარმოადგენს მუსლიმი თემის რეალურ ინტერესებს. მათ მიაჩნიათ, რომ რელიგიური სააგენტოს შექმნის მიზანი სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის კონტროლია.

“ჩვენ კომუნიკაციის რეჟიმში ვართ ხელისუფლებასთან და ერთობლივად ვცდილობთ განვამტკიცოთ ტოლერანტობის ის სულისკვეთება, რაც ჩვენს ტრადიციებშია. სწორედ ამისთვის ვარსებობთ რელიგიური ორგანიზაციები, რომ რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ გაუცხოება განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის და დავეხმაროთ, ხოლო როცა საჭიროა, მივუთითოთ და მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამა თუ იმ პრობლემის არსებობის შესახებ და დავანახოთ გადაწყვეტის გზები. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი კარგი საშუალება ამისთვის რელიგიის სააგენტოსთან შექმნილი ინტერრელიგიური სათათბიროა, სადაც ჩვენ გვეძლევა საშუალება, გამოვხატოთ ჩვენი პოზიციები მწვავე თემებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე არაერთხელ ახსენეს არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ზოგიერთმა გამომსვლელმა საკუთარ სიტყვაში კონკრეტიკაზეც არ თქვა უარი და “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” დაასახელა. დღევანდელი პრესკონფერენცია სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციის პასუხია. კვლევა  “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკულ ანალიზს” გულისხმობს, რომლის პრეზენტაციაც 12 დეკემბერს გაიმართა. კვლევაში ნათქვამია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  მანდატის მქონე ინსტიტუციები, როგორც წესი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებობენ და ლაბილური მანდატის მიუხედავად, რეალურად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის ფუნქციას ასრულებენ.

“სააგენტოს მიდგომა რელიგიის თავისუფლების საკითხების მიმართ,  როგორც წესი, არაპროგრესულია და მის მიერ მომზადებული ანალიტიკური და სტრატეგიის დოკუმენტები თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის. მათ შორის, უწყების საქმიანობაში იკვეთება რელიგიური ორგანიზაციების იერარქიების,  უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერების მცდელობა. […] სააგენტოს საქმიანობაში იკვეთება მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევისა და კონტროლის  მცდელობები,  რაც ხელს უწყობს მუსლიმ თემსა და ფორმალურ რელიგიურ ინსტიტუციას შორის გაუცხოების ზრდას და აღრმავებს თემის მარგინალიზაციას”,- ვკითხულობთ კვლევაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები შეურაცხყოფას აყენებენ რელიგიურ ლიდერებს, როცა ამბობენ, რომ მათზე სახელმწიფო ზემოქმედებს:

“ის, რომ რელიგიური ლიდერები ხელს აწერენ დოკუმენტს და ისინი ადასტურებენ თანამშრომლობის სურვილს, რომ მოხეში აშენდება მეჩეთი, ეს არ უნდა გახდეს საკამათო. არასამთავრობო ორგანიზაციები შეურაცხყოფას აყენებენ რელიგიურ ლიდერებს, როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფომ დააშინა ისინი, თქვენ თვითონ მოისმინეთ, რომ არავის არავინ არ დაუშინებია”,- განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, სასულიერო პირები შეთანხმდნენ, ისეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, რაც დაპირისპირების საგნად არ აქცევდა მოხეში არსებულ სადავო შენობას მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. ეს გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ მოხეში შენობა არ გადაეცემა არც მუსლიმ თემს, არც ქრისტიან მრევლს და მას “სადავო საკულტო ნაგებობის” სტატუსი მიენიჭება. რეალურად კი ადგილობრივი მუსლიმები საერთოდ არ ითხოვენ ახალი მეჩეთის მშენებლობას, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სადავო შენობის წარმომავლობა დადგეს და მას მეჩეთი ეწოდოს. ამ ადამიანების შესახებ დღეს მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა:

“დარჩა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც არ უნდა ეს სიმშვიდე და უნდათ, რომ ილოცონ იქ, სადაც არის სადავო ძეგლი”.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მუსლიმი თემის სახელით ისაუბრა შეიხმა რამინ იგიდოვმა. “ნეტგაზეთის” შეკითხვას, რატომ არ ასახავს მუსლიმი რელიგიური ლიდერების პოზიცია მოხის ადგილობრივი მუსლიმების პოზიციას, მან ასე უპასუხა:

“მე, სამწუხაროდ, არ ვარ კომისიის წევრი და არ მეხება ეს, მაგრამ, როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვალდებული ვარ, პასუხი გაგცეთ. სახელმწიფო უნდა ეცადოს დაადგინოს და ადამიანებს დაუბრუნოს ის, რაც ეკუთვნის. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ისე მოაგვარებს ამ საკითხს, არც ერთი მხარე არ დარჩება უკმაყოფილო. კომპეტენტურმა ადამიანებმა ამ ძეგლის წარმომავლობა უნდა გამოიკვლიონ, დადონ დასკვნა, რომელსაც ყველა დაემორჩილება. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ეს ნაგებობა მეჩეთია”,- ამბობს შეიხი რამინ იგიდოვი.

დღევანდელ შეხვედრაზე გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამ მოწოდებას ევანგელურ -ბაპტისტური ეკლესიაც უერთდება, თუმცა ისინი პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი არ ყოფილან. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის დღიდან ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია გამოხატავს კრიტიკულ დამოკიდებულებას ამ ინსტიტუციის მიმართ, მისი შექმნის პროცესების, მისი მიზნებისა და სტრატეგიის გამო:

“დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოწვევა მიიღო ჩვენმა ეკლესიამ, მაგრამ არც დასწრებია აღნიშნულ ღონისძიებას და არც განცხადებაზე მოუწერია ხელი. ამდენად, ვთხოვთ როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს, რომელიც ორგანიზატორი და მომწვევი იყო 14 დეკემბრის პრესკონფერენციისა, ასევე იმ მედიასააგენტოებს, რომელთაც გააშუქეს დღევანდელი პრესკონფერენცია, შეასწოროთ განცხადების ხელმომწერთა სია და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ნუ მოიხსენიებენ იმ რელიგიებს შორის, რომლებიც დადებითად აფასებენ სააგენტოს საქმიანობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი