საზოგადოება

საქართველოს სამუფთო ორად გაიყო

15 იანვარი, 2014 • • 2766
საქართველოს სამუფთო ორად გაიყო

შიიტთა რელიგიურ საბჭოში 18 ადამიანი შედის, აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 14, ხოლო  დასავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 19 ადამიანი. რელიგიურმა საბჭოებმა თავიანთი რელიგიური ლიდერები 9 იანვარს აირჩიეს.

 

დასავლეთ საქართველოს სუნიტთა მუფთად ჯემალ პაქსაძე დაინიშნა, აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა ახალი მუფთი კი იასინ ალიევი გახდა. კრების ოქმით ირკვევა, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შიიტთა  შეიხმა ვაგიფ აქპეროვმა რელიგიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. საბჭომ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და ახალ შეიხად რამინ იგიდოვი აირჩია.

 

„ორი ცვლილება მოხდა ჩვენს სამმართველოში, პირველი ის, რომ შეიცვალა შეიხი და აირჩიეს ახალი. მეორე კი გახლავთ ის, რომ ერთის ნაცვლად ორი მუფთია, დასავლეთისა და აღმოსავლეთის. ეს იმიტომ, რომ მანძილი აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს შორის დიდია,“ –  აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა  მუფთმა იასინ ალიევმა ეს განცხადება აჭარის ტელევიზიასთან გააკეთა.

 

დასავლეთ საქართველოს სუნიტთა მუფთი ჯემალ პაქსაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ცვლილება ეთნიკურად ქართველ სუნიტებს არ შეხებია და გაყოფა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად  აზერბაიჯანელ მუსლიმებში მოხდა.

 

„ცვლილება მოხდა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მუსლიმებს შორის. იქ გაიყო შიიტი და სუნიტი რელიგიური ლიდერები. დღემდე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“  ორი ხელმძღვანელი ჰყავდა.  ეს იყო ქართველი სუნიტების ხელმძღვანელი ანუ მე და ასევე იყო შიიტი ხელმძღვანელი ვაგიფ აქპეროვი. გადადგა შიიტი ხელმძღვანელი და მის ადგილას აირჩიეს ახალი შეიხი.  ამასთან,  ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სუნიტებმა აირჩიეს თავიანთი ხელმძღვანელი და აღარ  არიან დამოკიდებული  შიიტებზე. სრულიად  საქართველოს მუფთი ისევ მე ვარ, ქართველი  სუნიტების დარგში,“ – ამბობს ჯემალ პაქსაძე

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამმართველოებად გაყოფა აბსურდული გადაწყვეტილებაა.

 

„ეს არის აბსურდი. საქართველოში უნდა არსებობდეს მუსლიმთა სამმართველო, სადაც თანხმდებიან  შიიტებიც და სუნიტებიც. სხვათა შორის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან  მქონდა საუბარი და ყველა თანხდება ერთ რამეზე – ამ სამმართველოში გაერთიანდება ყველა.  ოღონდ მთავარია ამ ადამიანებისთვის ერთობლივი სანდო  ხალხი  იყვნენ მისი დამფუძნებლები და მმართველები,“ – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

 

ნაკაიძის განცხადებით,  2011 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააფუძნა და მისი დამფუძნებლები აბსოლუტურად უცნობი ადამიანები გახდნენ.

 

„წარმოიდგინეთ, რომ საპატრიარქო დააფუძნოს ვიღაცამ, მართლმადიდებელი მრევლისთვის უცნობმა პირებმა, ამათ აირჩიონ სინოდი და მერე მათ დანიშნონ მეუფეები. ზუსტად ასე მოგვექცნენ. რეალურად აქ არის ძალიან სერიოზული საფრთხე და სერიოზული ჩარევა  მუსლიმთა  თემში სახელმწიფოს მიერ.  ჩვენი მთავარი პრეტენზია არის დამფუძნებელ პირებზე. რელიგიურ საბჭოში არსებული პირები რომ დამფუძნებლად იყვნენ, პრობლემა აღარ იქნება. ეს ადამიანები ასე თუ ისე მუსლიმებისთვის ცნობილები არიან. ის, რომ დამფუძნებელი რვა პირი აბსოლიტურად უცნობი ადამიანია მუსლიმთა საზოგადოებისათვის,  ეჭვს აჩენს. ამ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი  სასურველი ან არასასურველი გადაწყვეტილების მიღება, ამას  წინ ვერ აღუდგება, ვერც ეს საბჭო და ვერც მუფთი. ესეც უფრო მეტ საფრთხეს  ქმნის ამ ორგანიზაციისთვის. ეს არის სირცხილი და ლაფის დასხმა. სხვათა შორის, ჭელის, სამთაწყაროს მოვლენებმა ძალიან კარგად გვაჩვენა მუფთის სახე. გაორმაგებული სახე. რა უნდა ესაუბრა. როგორ უნდა ესაუბრა. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა და რა სიტუაცია დაუდგა, როცა ჩავიდა ახალციხეში,“ – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

 

გაყოფილი რელიგიური ლიდერების შესახებ განცხადება გაავრცელა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა რელიგიურმა სამმართველომ.

 

განცადებაში, რომელსაც  ხელს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური  სამმართველოს თავმჯდომარე მირ ჰუსეინ ასადოვი აწერს ხელს, წერია: „ძვირფასო მუსლიმებო! როგორც იცით, სახელმწიფო მოხელეების  დაარსებულ სამმართველოში საქართველოს მუსლიმებს ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნეს, სხვა გვარად რომ ვთქვათ, სააკაშვილის რეჟიმის ნამოქმედარი გაიმეორეს. მხოლოდ ერთი განსხვავებით – ამჯერად, ახალი დანიშნული პირი ერთ-ერთი ჩვენთაგანი აირჩიეს და დანიშნეს. ამით ისინი სიყალბეს, ჭეშმარიტების  სამოსის ჩაცმევა სცადეს. ახლა ისინი ამით პატარა თაღლითობა, რომ ჩაიდინეს ეს დაამტკიცეს. შუაში არაფერი არ შეიცვალა. ისინი პრობლემა საფუძვლიანად არ მოაგვარეს და იმ მეთოდით გააგრძელეს. კიდევ შეცდომა დაუშვეს.  ჩვენ სახელმწიფო მოხელეებს ვურჩევთ, რომ მუსლიმებისათვის,რომელიმე ხელმძღვანელის დანიშვნის ნაცვლად კონსტიტუციაში არსებული სიცარიელეები შეავსონ“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი