ახალი ამბები

საპატრიარქო ილია მეორის ქადაგების შინაარს განმარტავს

22 სექტემბერი, 2012 • 993
საპატრიარქო ილია მეორის ქადაგების შინაარს განმარტავს

პატრიარქმა გუშინ განაცხადა: “ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებასა და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვთ საქვეყნოდ”.

 
 
განმარტებაში ნათქვამია:
 
“პატრიარქის გულისტკივილი გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ჩვენთან არ არსებობს სახელმწიფო მართვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა დასავლეთში, რაც თავისთავად გამორიცხავს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემატურობას. ამიტომაც მისი უწმინდესობა ბრძანებს: უცხოეთში “თვითონ ასწორებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და აღარ განმეორდეს”.
 
 
განმარტებაში აღნიშნულია, რომ პატრიარქის ქადაგების მთელი აქცენტი გადატანილი იყო მშვიდობაზე და განსაკუთრებით 1 ოქტომბრამდე მის შენარჩუნებაზე.
 
 
პატრიარქმა გუშინ განაცხადა: “ჩვენ დაგვრჩა თითქმის ერთი კვირა პარლამენტის არჩევნებამდე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ ამ დღემდე”… “მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ არსად არ იყოს არეულობა, სუფევდეს მშვიდობა”. 
 
 
განმარტებაში მითითებულია, რომ ამ მიზნითვე იყო მოხმობილი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან პროვოკაციის გამო მძიმე მდგომარეობაში მოხვედრილი ქართველების სასწაულებრივ ხსნაზე ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ლოცვით: “მოწყალებისა კარი განგვიღე”. 
 
 
“ავღნიშნავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ახალგაზრდობის აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით სამართლიანია და მათ, საქართველოს კანონმდებლობით, სრული უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მათ შორის, შეკრებებისა და მსვლელობების გზით და ეს უფლება ხელისუფლებამ უნდა დაიცვას. 
 
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს შექმნილი დაძაბული მდგომარეობის ფონზე პროვოკაციის სერიოზული საფრთხე არსებობს (მათ შორის გარეშე ძალების მხრიდანაც). ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, რათა არ მოხდეს ისე, რომ უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოსული ხალხი ბრალდებულის მდგომარეობაში აღმოჩნდეს და მისი უწმინდესობის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, “ეს ადამიანებიც დამცირდნენ და საქართველოც”.
 
პატრიარქის აზრით, “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები არ იყოს გაყალბებული, რომ ადამიანებმა გამოთქვან ის აზრი თავისუფლად, რომელიც მათ გააჩნიათ. არავითარ შემთხვევაში შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არც ერთი კაცი, არც ერთი ადამიანი და როგორც თვითონ ფიქრობს, ის რიცხვი უნდა შემოხაზოს”.
 
რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ყველას აქვს თავისი აზრი, მით უმეტეს, პოლიტიკოსებს, და მათ ალბათ უკეთ იციან, როგორ მართონ მოვლენები. 
 
პატრიარქმა კი ქადაგებაში თავისი პოზიცია დააფიქსირა. 
 
დაბოლოს, გვინდა მოვიტანოთ ამონარიდი მისი უწმინდესობის ამა წლის 8 ივნისის ქადაგებიდან: “არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატიმარს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა. არავინ არაა დაზღვეული პატიმრობისაგან. ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით მინდა ვთხოვო, დაეხმარეთ, უშველეთ მათ…” – ნათქვამია საპატრიარქოს განმარტებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი