“დღეს ჩვენ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ“, – ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა”ქართული ოცნების” მმართველობის 12 წელი შეფასებისას განაცხადა.
დღეს, 1 ოქტომბერს, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ოფისში ზვიად ძიძგურის, ლევან გოგიჩაიშვილისა და როინ ქოჩორაშვილის ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 12 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას, თუმცა დღეს იგივე მიიღო:
“12 წლის შემდეგ მივიღეთ:
საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ მხოლოდ 1 კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე. საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის წინაშე, არამედ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშილის წინაშე!
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. არ მოსულა იმისთვის, რომ მაშინ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება უფრო მეტად გაეხლიჩა და გაეყო თავისიანებად და მტრებად. არ მოსულა იმისთვის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, რომ მთავარ საკომუნიკაციო ენა ყოფილიყო სიძულვილის ენა.
„ქართული ოცნება“ იმისთვის არ მოსულა ხელისუფლებაში, რომ 2008 წლის პლებისციტზე ნატოში გაწევრიანების შესახებ ქართველი ხალხის გადაწყვეტილების რევიზია მომხდარიყო”, – განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” არც იმისთვის მოსულა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი გადახედულიყო.
მისივე სიტყვებით, ხალხის ზურგს უკან აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გაურკვეველი მანიპულაციები ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ივანიშილი უდგას სათავეში, შესაძლოა, აღიაროს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები:
“დღეს ჩვენ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ; ეს არის მთავარი პრობლემა და ამ პრობლემიდან არის ერთი მთავარი გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ამომრჩეველი პირობითად „არც ბიძინა და არც მიშა“ არჩევნებზე. 2012 წელს მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა უარი უთხრა მიშას რეჟიმს. ამომრჩეველმა, პირობითი სახელწოდებით „არც ბიძინა და არც მიშა“ ,უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც მიიღო მაშინ – ეს არის გამარჯვების ფორმულა”, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.