2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი პირველად და პირველი იქნება “ოცნების” საარჩევნო სიაში.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი უჭერს მხარს, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ ეს ასეა, რაში დასჭირდა პარტიას მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დასარჩენად ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში ჩასმა? აპირებს ივანიშვილი დეპუტატობას და პარლამენტში მუშაობას, თუ ატყუებს ამომრჩეველს და ამ გზით “ოცნებისთვის” მხარდამჭერების გაზრდას ცდილობს?
რა სურს ივანიშვილს?
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, თუმცა არათუ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, სიაშიც კი არასოდეს ყოფილა. 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიას სხვადასხვა ლიდერი ჰყავდა:
- 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთიანი სიის პირველი ნომერი იყო კახა კალაძე,
- 2016 წლის არჩევნებზე – მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,
- 2020 წლის არჩევნებზე – მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
10 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას ცნობილი გახდა, რომ სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, რომელიც 2023 წლის მიწურულს პოლიტიკაში ისევ ღიად დაბრუნდა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.
საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნებული ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი „მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა იყო“.
ივანიშვილი გასული წლის დეკემბერშივე ამტკიცებდა, რომ „ქართულ ოცნების“ რეიტინგი 60%-მდე იყო.
„ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა“, – ამბობდა ივანიშვილი 2023 წლის 30 დეკემბერს.
პოლიტიკურ ცხოვრებაში ღიად დაბრუნებისას ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ „პოლიტიკური საქმიანობა მის ხასიათში არაა“, „პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოსულა“ და როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, გუნდის მთავარი მრჩეველი იქნებოდა.
თუმცა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი მხოლოდ „მრჩევლის“ როლით არ შემოიფარგლებოდა. ის ჯერ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებზე სიარული დაიწყო, ბოლოს კი სიის სათავეშიც ჩაეწერა.
ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. განმარტებები „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა გააკეთეს და განაცხადეს, რომ ივანიშვილი პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად „მყარ გარანტიას“ აძლევს.
როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი გადაწყვიტოს.
ბოლო კვლევა, რომლითაც სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგიც იყო გაზომილი, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გასული წლის აპრილში გამოაქვეყნა. მაშინ ივანიშვილის რეიტინგი 35% იყო და რეიტინგში „ოცნების“ სხვა ლიდერები, კახა კალაძე (52%) და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი(43%) უსწრებდნენ.
„ამ არჩევნების მნიშვნელობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს პირველი ნომერიც. ამაშია რეალობაც, ამაშია პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, ამაშია მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, ამაშია გარკვეული სიმბოლიზმიც, ამაშია ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია…
საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და ახლა სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.
თუმცა მდინარაძემ არ უპასუხა კითხვას, გამოიყენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მანდატს და იქნება თუ არა ის პარლამენტის დეპუტატი. მდინარაძის სიტყვებით, „ამას რამენაირად თვითონ გადაწყვეტს ბატონი ბიძინა, როგორ იმოქმედოს და რა პოზიციაზე იყოს“, და დასძინა, რომ მათ ლიდერს თანამდებობა არ აინტერესებს.
„ოცნებამ“ ბოლო ხმაზე გვითხრა, რომ ძალიან უჭირს“
ბიძინა ივანიშვილს რომ საარჩევნო სიაში ყოფნა დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად არ უნდა, ამაში დარწმუნებული არიან მისი ყოფილი თანაგუნდელები.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს გაცილებით დიდი პრობლემა აქვს, ვიდრე დეპუტატის მანდატით იმუნიტეტის მოპოვებაა, რომელიც „ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა მაშინ გამოიყენოს, თუ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
თინა ხიდაშელის თქმით, დეპუტატის იმუნიტეტიც ძალიან პირობითი ცნებაა და ეს პრაქტიკა „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა.
სწორედ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით შეუწყდა ორ ოპოზიციონერ ლიდერს, ნიკა მელიასა და ბადრი ჯაფარიძეს სხვადასხვა დროს დეპუტატის მანდატები მას შემდეგ, რაც ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
„ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება, იმუნიტეტის მოხსნას ერთი სხდომა და ერთი კენჭისყრა უნდა. ეს ვერ იქნება დაცვის ღონისძიება… ეს ვერ არის ისეთი ზომა, რომელიც მას გადააწყვეტინებდა ამ ნაბიჯის გადადგმას“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
ამასთან, თინა ხიდაშელის თქმით, თუ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობას დაიკავებს და ამით სანქციებსაც აირიდებს, ცდება, რადგან ამის საწინააღმდეგოდ არაერთი მაგალითი არსებობს.
„თანამდებობა რომ ვერ იცავს სანქციებისგან, ამის კარგი მაგალითია ბელარუსი და რუსეთი, მათ შორის საქართველოც. გვარები და სახელები კი არ ვიცით იმ დეპუტატების, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან, მაგრამ ხომ ზუსტად ვიცით, რომ [მათ აშშ-მა სანქციები დაუწესეს]“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
თუმცა თინა ხიდაშელი ნაკლებად დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს რაიმე თანამდებობა, მათ შორის პრემიერობა სურდეს, როგორც სიის პირველ ნომერს.
„ივანიშვილს რომ პრემიერობა არ სურს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უკვე 11 წელია. მისი ამოცანა არ არის ოფიციალური თანამდებობის ქონა და ამიტომ ამაში დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს არ სურს. თუმცა მას დღეს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს განაცხადი გააკეთოს“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელის თქმით, სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ჩასმით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ხმაზე გვითხრა, ამ არჩევნებზე ძალიან უჭირს.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა „ოცნების“ გუნდში სხვა ლიდერებს ლეგიტიმაცია და ნდობა აღარ აქვთ შერჩენილი, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საარჩევნო კამპანიას წარუძღვეს.
როგორც ხიდაშელი ამბობს, ალბათ, ივანიშვილს ისევ სჯერა, რომ „ჭარბი ნდობა“ აქვს და თავად გაიყვანს ფონს „ქართულ ოცნებას“.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილი იძულებული ხდება პოლიტიკურ არენაზე გამოვიდეს სრულად, სიის პირველი ნომერი იყოს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა კარტი გაჭრილია და ეს არის ერთადერთი კარტი, რომლითაც ახლა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია თამაში.
ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასოწარკვეთის ნიშანი. მე ვფიქრობ, ამაზე უფრო ნათლად და ცხადად ვერც ერთი კვლევა და ვერაფერი ვერ გვეტყვის იმას, თუ როგორ უჭირს 2024 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ეს არის დიდი წარმატება, რომელიც უნდა გამოიყენოს ქართულმა ოპოზიციამ“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
მოუტანს თუ არა ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობას „ოცნებას“
თინა ხიდაშელის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი, ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ სიის პირველ ნომრად მისი ჩასმის მთავარი მიზანი „ოცნებისთვის“ ხმების მობილიზაციაა.
როგორც ზვიად ძიძიგური ამბობს, ეს ადასტურებს, რომ ივანიშვილის პარტიას ძალიან უჭირს და მათი ყველაზე თამამი სურვილი, რომელიც შეიძლება ამ არჩევნებზე ჰქონდეთ, უმრავლესობის აღებაა.
„მთავარი ფაქტორი არის ის, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] მაქსიმალურად მოახდინოს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება, რომელსაც თავის ნაბიჯით ეუბნება, რომ „კობახიძე და პაპუაშვილი კი არ არიან ხელისუფლებაში, არამედ მე ვარ ხელისუფლებაში და მე უნდა დამიჭიროთ მხარი“. ამის გამო გააკეთა ეს“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ მათ 60%-ზე მეტი რეიტინგი აქვთ, ზვიად ძიძიგურის თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის გასამხნევებლად გამოცხადებული ციფრებია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
როგორც ზვიად ძიძიგური ამბობს, „ოცნებას“ 60%-იანი მხარდაჭერა 2012 წელსაც კი არ ჰქონია.
„თუ 60%-იანი რეიტინგი აქვთ, მაშინ რაში სჭირდებათ ასეთი უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა? ისედაც ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი პარლამენტში საკანონმდებლო მუშაობით არ იქნება დაკავებული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწროპოლიტიკური სვლა და არავითარი საერთო მაგას რეალობასთან არ აქვს, რადგან ივანიშვილი პარლამენტში არ იქნება და არც თანამდებობას დაიკავებს. ეს არის გამორიცხული ამბავი.
2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ, როცა ივანიშვილის და მთლიანად პოლიტიკური ოპოზიციის რეიტინგი იყო სამჯერ უფრო მაღალი, 60%-იანი რეიტინგი მაშინ არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. ახლა საიდან ექნება 12 წლის შემდეგ? თან როდესაც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობას ევროპულ სიმპათიებს აფიქსირებს და ამ დროს ივანიშვილი თავის რიტორიკით ევროპას და ამერიკას კატეგორიულად უპირისპირდება“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.