ახალი ამბები

ციხეში ვერ გაძლო, მზად უნდა ყოფილიყო, პოლიტიკური მომავალი დაისამარა – ძიძიგური სააკაშვილზე

1 დეკემბერი, 2022 • 1106
ციხეში ვერ გაძლო, მზად უნდა ყოფილიყო, პოლიტიკური მომავალი დაისამარა – ძიძიგური სააკაშვილზე

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მიაჩნია, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის განმსაზღვრელი მისი პოლიტიკური აქტიურობა იყო. იგი  დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტი ცუდადაა, და ასევე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა, „იმის გამო, რომ ვერ გაძლო ციხეში“, პოლიტიკური მომავალი დაისამარა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მიხილ სააკაშვილი ცუდად არის. შეუძლებელია ასეთი დონის სიმულანტობა, რომ ადამიანი ფიზიკურადაც, გარეგნულადაც, ფსიქოლოგიურადაც, ყველანაირად იყოს ასეთ მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა ძიძიგურმა პირველ დეკემბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში და დასძინა, რომ ამ შეფასებისას ეყრდნობა არა ოპოზიციონერებს, არამედ უცხოელ ექსპერტებსა და „თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მძიმედ არის, მაგრამ მძიმედ არის იმიტომ, რომ დეპრესიაშია“.

ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ახსოვს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მისი დანაშაულები, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე, და განაცხადა:

„არსებობს წონასწორობა… რასაც ჩაიდენ, იმის საფასურს აუცილებლად მიიღებ… და ეს მნიშვნელოვანი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ის, რაც ხდება მათი მხრიდან, უსამართლობა, ძალის გადამეტება, ცინიკურობა, დაცინვა, ღლიცინი ამ თემაზე, ერთ დღესაც მოვესწრებით, რომ აღარ იქნებიან ყოველთვის ხელისულფლებაში და ასეთი ტიპის სიტუაციაში თავად შეიძლება აღმოჩნდნენ“.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა, იმის გამო, რომ პატიმრობას ვერ გაუძლო, თავისი პოლიტიკური მომავალი დაასამარა:

„მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა ციხეში და დაეწყო დეპრესია. შემდეგ მან განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან და არ გაეკარება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს, თუკი მას გაათავისუფლებენ; შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე წარმოედგინა მტერსა თუ მოყვარეს… მან პოლიტიკური აქტივობა ხვალ და ზეგ რომ ისეთი ეფექტურობით წამოიწყოს, როგორიც ჩვენ გვახსოვს, გამორიცხულია. რადგან მან ერთწლიანი პატიმრობით დაასამარა თავისი პოლიტიკური მომავალი“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ, ზოგადად, „ციხეში ჯდომით პოლიტიკური მომავალი არ ქრება და მსოფლიოში უამრავი მაგალითია, როდესაც პირიქით, ციხიდან გამოსული პოლიტიკური ლიდერები გაცილებით უფრო ეფექტურები და რეიტინგულები იყვნენ, ვიდრე დაჭერამდე“.

„[სააკაშვილმა], მარტივად რომ ვთქვათ, ვერ გაძლო ციხეში, ვერ გაუძლო ამ განსაცდელს, – რომელიც არის საკმაოდ დიდი განსაცდელი, – მაგრამ პოლიტიკაში თუ ხარ და თან, მით უმეტეს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ხარ, ციხისთვის მზად უნდა იყო ფსიქოლოგიურად. ოპოზიციონერები მსხდარან ციხეში, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია ზის ახლა და, მე მგონი, მათი მხრიდან დეპრესიები და „ოღონდ გამიშვი და პოლიტიკიდან წავალ“ არ ყოფილა“. თუმცა ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, არ ვამბობ, როგორც მისი ყოფილი, ძალიან აქტიური ოპონენტი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


ზვიად ძიძიგურმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან დაასახელა პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. იმავე დღეს ძიძიგურმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც დატოვა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძიძიგური და „კონსერვატორები“ დამოუკიდებლად იყრიდნენ კენჭს. პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი