სტუდენტურ მოძრაობას “აუდიტორია #115”-ს 2016 წლის 24 ნოემბრის ღამის შემდეგ თსუ-ის მე-6 კორპუსის შენობა აქვს პიკეტირებული – სასწავლო პროცესი სხვა კორპუსებში გრძლედება და აქაური ლექციები სხვაგან ტარდება.
თუმცა ეს არ არის სტუდენტური პროტესტის მხოლოდ მე-10 დღე — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მრავალი წელია, თვითმმართველობის გაუქმებასთან ერთად, განათლების რეფორმებს ითხოვენ. აუდიტორია #115 კი 2016 წლის მარტიდან მართავს ამ და სხვა მოთხოვნებით აქციებს.
საპროტესტო აქციები სტუდენტურმა მოძრაობამ ახალი სასწავლო წლიდან განაახლა. მათ ჯერ 24 ნოემბერს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს, შემდეგ კი, 25 ნოემბერს, თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ “აუდიტორიას” შვიდი საარჩევნო უბანი თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა პიკეტირებული, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მაინც შედგა. თსუ-ის ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში 2436-მა სტუდენტმა მისცა ხმა და 140 დელეგატი აირჩია. ცესკომ აარჩევნები ლეგიტიმურად ცნო. შედეგად, სტუდენტებმა გადაწყვიტეს, მე-6 კორპუსი არ დაეთმოთ და უკვე მეათე დღეა, აქ არიან გამაგრებული.
აუდიტორია #115 წევრი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს შეხვდა. მხარეები ორ პუნქტზე შეთანხმდნენ: (1) სტუდენტებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა უნივერსიტეტის მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე და (2) სტუდენტების არჩევა უნივერსიტეტის საფაკულტეტო საბჭოებში მოხდეს პირდაპირი კენჭისყრის საფუძველზე.
ორშაბათს, 5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფართო სხდომა გაიმართება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც, აუდიტორია115-ის ცნობით, გაცნობითი ხასიათის იქნება. მოძრაობის წევრების მოლოდინით, 5 დეკემბრის ეს შეხვედრა გადაწყვეტს, რას გააკეთებენ ისინი სამომავლოდ, – დატოვებენ თუ არა მე-6 კორპუსს. სტუდენტები უნდობლად უყურებენ ზეპირ შეთანხმებებს თანამდებობის პირებთან და შენობიდან გასვლას იქამდე არ აპირებენ, სანამ რეალური ცვლილებებს ან ამ ცვლილებების რეალურ სურვილს არ დაინახავენ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების (პარლამენტის განათლების კომიტეტის, განათლების სამინისტროს, რექტორატის) მხრიდან.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ “აუდიტორია #115-ის” პროტესტის მოკლე ფოტოქრონიკას 2016 წლის მარტიდან დღემდე. ასევე, წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე” – რატომ (არ) სურთ სტუდენტური თვითმმართველობის შეცვლა.
წაიკითხეთ 2016 წლის მარტში სტუდენტური პროტესტისას მოვლენათა ქრონიკა