„მხოლოდ ამ დეტალების გარკვევის შემდეგ გახდება შესაძლებელი საქართველოს საპატრიარქოს მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღება,“- აცხადებს პატრიარქის პრესმდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
მსოფლიო პატრიარქთან, ბართლომეოსთან შესახვედრად საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია სტამბულში უკვე გაემგზავრა.
„როგორც ჩანს, საქრთველოს საპტრიარქო ამ მხრივ რაღაც დათმობებზე წასვლას აპირებს. თავად ის ფაქტი კი, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხს განიხილავს, საქართველოს საგარეო საეკლესიო პოლიტიკის კრახია. აქამდე ეს არ უნდა მიეყვანათ,“- ამბობს თეოლოგი ბასილ კობახიძე.
ის სტამბულში, მსოფლიო საპატრიარქოში აფხაზეთის ეპარქიის საკითხის განხილვას, რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ ეს ვითარება კრემლიდან მიღებული ინსტრუქციის გამო შეიქმნა.
ბასილ კობახიძე აფხაზეთში მოღვაწე სამღვდელოების სამი წარმომადგენლის- დოროთე დბარის, ანდრია ამპარის და დავით სარსანიას რუსეთის საპატრიარქოსთან თანამშრომლობაზე საუბრობს.
„დღეს კი თითქოს განხეთქილება მოუვიდათ რუსეთის ეკლესიასთან და ამიტომ ითხოვენ კონსტანტინოპოლის დახმარებას. როგორც კი აფხაზეთის მიტროპოლიტს ოფიციალური სტატუსი მიენიჭება, ისინი მაშინვე გადავლენ რუსეთის ეკლესიაში,“- ამბობს კობახიძე.
აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე მოღვაწე სასულიერო პირები, დოროთე დბარი და ანდრია ამპარი, აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციიდან გამოსვლაზეც საუბრობენ.
არქიმანდრიტი დოროთე დბარი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ აფხაზეთში საეკლესიო სიტუაციის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს:
„შეხვედრებზე, მათ შორის სტამბულის შეხვედრაზე, მკაფიოდ დაიხატა სურათი, რომ აფხაზეთში მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა არა მხოლოდ რუსეთის ეკლესიასთან არის დაკავშირებული (შესაძლოა მასთან საერთოდაც არ იყოს კავშირში), არამედ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ვინაიდან ჩვენ ბოლო 20 წლის მანძილზე როგორც საქართველოს ეკლესიის განუყოფელ ნაწილს, ისე წარმოგვადნენ. მათ შორის რუსეთის ეკლესიაც.“
აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირები სტამბულში მსოფლიო პატრიარქს 2012 წლის იანვარში შეხვდნენ. მაშინ საქართველოს საპატრიარქომ ამ შეხვედრის შესახებ განცხადებაც გაავრცელა, სადაც მსოფლიო პატრიარქის პოზიცია იყო განმარტებული.
“საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი), რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დანიშნა პირადად მან, რადგან აფხაზთა მხრიდან გამოგზავნილი იყო არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდიენციის თხოვნით და, როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც მიეცათ საუბრის შესაძლებლობა. არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ არ არის სწორი, ამ ფაქტს ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან “ოფიციალური ვიზიტი”, ან თუნდაც “ოფიციალური შეხვედრა“. მან ასევე განაცხადა შემდეგი: კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის. აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს”, – განაცხადეს მაშინ საქართველოს საპატრიარქოში.
„დღესდღეობით ცალკე რაიმე ერთეულის შექმნა გამორცხულია, თუმცა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვა ალტერნატიული გზები უნდა დაისახოს, მრევლს დაპურება სჭირდება,“- ამბობს მიქაელ ბოტკოველი, პატრიარქის მდივანი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების სტამბულში ვიზიტის წინ.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის გამგზავრებას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება, მათ შორის იყვნენ აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ “აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და ყოველთვის ასე იქნება. ეს ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა და ის დაფიქსირებულია მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვაში.“
აფხაზეთის ეპარქიის საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ რუსეთის ყოფილი პატრიარქი, ალექსეი მეორეც იყო ჩართული, რომელიც საქართველოს საპატრიაქროსგან აფხაზეთის ეპარქიის რუსეთის ეკლესიისთვის დროებით გადაცემას ითხოვდა, თუმცა მაშინ საქართველოს საპატრიარქომ ამაზე უარი განაცხადა.