ახალი ამბებისაზოგადოება

კედლის ჩამონგრევის შედეგად შ. დადიანის N16–ში ოცამდე ოჯახი დაზარალდა

2 დეკემბერი, 2016 • 2561
კედლის ჩამონგრევის შედეგად შ. დადიანის N16–ში ოცამდე ოჯახი დაზარალდა

კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N16-ში, საცხოვრებელი სახლის მზიდი კედელი ჩამოინგრა. შედეგად, 20–მდე ოჯახი დაზარალდა: 8 ოჯახს დროებით საკუთარი სახლის დატოვება მოუწია, ხოლო ნაწილმა უარი განაცხადა შენობის დატოვებაზე.

დადიანის ქუჩაზე ძველი შენობები ადამიანებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ამ უბანში წელს უკვე მეორედ განმეორდა მსგავსი შემთხვევა. ადგილობრივები წლებია საუბრობენ ჩამონგრევის საშიშროების შესახებ, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გამო მათ საკუთარი სახლების რეაბილიტაციის უფლებას არ აძლევენ.

დადიანის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ რესტავრაციისთვის მათ საკუთარი სახსრები არ გააჩნიათ, ხოლო გამგეობის წარმომადგენლები შენობებს ძეგლის სტატუსის გამო ვერ ეხებიან. მათი თქმით, გამგეობაში უცხადებენ, რომ შეიძლება მათი ქირით გაყვანა, რისთვისაც გამგეობა თვეში 300–400 ლარს გამოუყოფს. თუმცა, როგორც მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, ქირით მუდმივად ვერ იცხოვრებენ.

დადიანის მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავს. მათი განცხადებით, გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე მხოლოდ სურათების გადასაღებად მიდიან და სხვას არაფერს აკეთებენ. ადგილობრივთა ნაწილი ახალი საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაციას ან ახალი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს.

დაზარალებულთა ნაწილს, რომლებსაც კედლის ჩამონგრევის გამო მოუწიათ სახლების დატოვება, სამუშაოების დასრულებამდე ქირის გადასახადის დაფარვას გამგეობა დაჰპირდა. თუმცა, როგორც კრწანისის გამგეობაში აცხადებენ, პრობლემას ადგილობრივთა პოზიციების შეუთანხმებლობა ქმნმის. რაიონის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი ამბობს, რომ ერთ ნაწილს დეველოპერის მოზიდვა, ხოლო მეორე ნაწილს, რომელიც, ფაქტობრივად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ცხოვრობს, რეაბილიტაცია სურს.

“ორი წელიწადია ვმუშაობთ დადიანის N16-ის ამხანაგობასთან იმისთვის, რომ მოხდეს სახლის კონსტრუქციული გამაგრება. პოზიციების შეუთანხმებლობის გამო, იურიდიულად, საშუალება არ გვაქვს, მოვაზმადოთ პროექტი, მისი ხარჯთაღრიცვა და შემდეგ სამუშაოებს შევუდგეთ, ვინაიდან ეს არის კერძო საკუთრება. კერძო საკუთრებაში ჩარევა შეუძლებელია მეპატრონის თანხმობის გარეშე. გამგეობა ამ წუთებშიც მუშაობს პრევენციული კონსერვაციის პროექტზე. იმისათვის, რომ მოხდეს შენობის კაპიტალური გამაგრება, ისევ და ისევ ვუბრუნდებით საკითხს, რომ საჭიროა მაცხვორებელთა წერილობითი ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მშენებლობით ნებართვას ფიზიკურად ვერ ავიღებთ არქიტექტურის სამსახურიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოდან,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გამგებელმა.

კოპალეიშვილის განცხადებით, უკანა ეზოს მაცხოვრებლებს სურთ დეველოპმდენტი, ანუ ქონების განვითარება, ხოლო წინა ეზოს მაცხოვრებლებს იმის გამო, რომ ფაქტობრივად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ცხოვრობენ, სხვა ვარიანტი არ აქვთ და საჭიროა მისი კონსტრუქციული გამაგრება/რეაბილიტაცია.

რაც შეეხება ადგილობრივთა ნაწილის მოთხოვნას ახალი ბინით დაკმაყოფილების შესახებ, გამგებელი ამბობს, რომ ასეთი პრაქტიკა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. მისი თქმით, კრწანისის გამგეობა ადგილობრივებს კონსტრუქციული გამაგრებისა და რეაბილიტაციის ხარჯების 90%–ით დაფარვას სთავაზობს. როგორც გამგებელი ამბობს, ისინი უნდა შეთანხმდნენ ერთმანეთში, წერილობით აცნობონ გამგეობას და გამოიყენონ ის პროგრამა, რასაც სთავაზობს თბილისის მერია.

“ჩვენ ანალოგიური პრობლემა გვაქვს დადიანის N12–ში, N14–სა და N16–ში. ერთ შემთხვევაში გვაქვს მოსახლეობის შეუთანხმებლობა, მეორე შემთხვევაში ძალიან საინტერესო პრობლემაა – ბევრი ადამიანი, ვინც ფლობს ფიზიკურად ქონებას, არ იმყოფება საქართველოში, არ გამოდის კონტაქტში და იგივენაირად გვაკლია მათი ხელმოწერების დაფიქსირება. N14–ის შესასვლელის კაპიტალური გამაგრებისთვის გვჭირდება საძირკველში ჩასვლა და ეს უკვე შენობის კონსტრუქციული გამაგრების პროექტს მოითხოვს, რომელზეც ასევე არ გვაქვს ჩვენ მოსახლეობის თანხმობა,” – ამბობს გიორგი კოპალეიშვილი.

2016 წლის აპრილში შალვა დადიანის N14-ის ეზოში ერთადერთი შესასვლელი გზა ჩაინგრა, თუმცა ეს ადგილი ამ დრომდე რკინის საფარით არის გამაგრებული. გზის გარდა, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, რომლებიც რესტავრაციას საჭიროებს. ადგილობრივები იხსენებენ შემთხვევას, როდესაც გზის ჩანგრევის შედეგად ადამიანები დაშავდნენ. მათი თქმით, ნაპრალები დღითიდღე იზრდება და ეზოში უსაფრთხოდ გადაადგილება კიდევ უფრო საშიში ხდება.

დადიანის ქუჩის მაცხოვრებლები ასევე საუბრობენ ბუნებრივი აირის მილის შესახებ, რომელიც დაზიანებული შენობების კედლებზე ისე მჭიდროდ არის მიბჯენილი, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გასკდეს. ადგილობრივები დედაქალაქის ხელისუფლებასა და კრწანისის გამგეობას საცხოვრებელი ბინებისა და მათი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დიდი ხანია უშედეგოდ სთხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი