საზოგადოება

დადიანის N14 – საფრთხე მოსახლეობისთვის და კულტურული ძეგლის რეაბილიტაციის პერსპექტივა

16 მაისი, 2016 • 2118
დადიანის N14 – საფრთხე მოსახლეობისთვის  და კულტურული ძეგლის რეაბილიტაციის პერსპექტივა

დაახლოებით ერთი თვის წინ კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N14-ის ეზოში ერთადერთი შესასვლელი გზა ჩაინგრა. ეს ადგილი ახლა რკინის საფარით არის გამაგრებული. გზის გარდა, დაზიანებულია სახლები. შენობები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რესტავრაციას საჭიროებს.

შალვა დადიანის N14-ის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობებისა და გზის ამჟამინდელი მდგომარეობა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. იხსენებენ შემთხვევას, როდესაც გზის ჩანგრევის შედეგად ადამიანები დაშავდნენ. მათი თქმით, ნაპრალები დღითიდღე იზრდება და ეზოში უსაფრთხოდ გადაადგილება კიდევ უფრო საშიში ხდება.

ისინი ასევე საუბრობენ ბუნებრივი აირის მილის შესახებ, რომელიც დაზიანებული შენობების კედლებზე ისე მჭიდროდ არის მიბჯენილი, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გასკდეს.

 

ადგილობრივები დედაქალაქის ხელისუფლებასა და კრწანისის გამგეობას ჩანგრეული გზის სრულფასოვან რესტავრაციასა და გაზის მილის საკითხის მოგვარებას სთხოვენ, რათა ეზოში გადაადგილება უსაფრთხოდ შეძლონ.

“ეზოს არ გააჩნია ალტერნატიული შესასვლელი გზა. არის მხოლოდ ერთი შესასვლელი, რომელიც ასე პერმანენნტულად ზიანდება. ეზოში შემოსვლა არის ძალიან საშიში. რეალური საფრთხე არსებობს, რომ რეალური საფრთხეში ჩავარდეს ვინმე, მათ შორის ბავშვები, რომლებიც ეზოში აქტიურად მოძრაობენ. დაზიანება იზრდება და განაგრძობს ნგრევას. არ არის გამორიცხული, ნებისმიერ წუთს კიდევ გაიზარდოს. გარდა ამისა, გაზის მილის გამო ეზოში მოძრაობა კი არა, ზოგადად, ცხოვრებაა საშიში,” – ამბობს შ. დადიანის N14-ში მცხოვრბი შორენა შონვაძე.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ამავე ადგილას გზის ჩანგრევის გამო ქალი შვილიშვილთან ერთად ჩავარდა 4-5 მეტრის სიღრმის სარდაფში, რის გამოც ფეხის სერიოზული დაზიანებები მიიღო.

“დაახლოებით ერთი წლის წინ დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და ამბობდნენ, რომ რაღაცას გააკეთებდნენ. მას მერე არაფერი გაკეთებულა გარდა იმისა, რომ პირველი ჩანგრევის დროს კუსტარულად დააფარეს მეტალის დიდი ნივთი. გვითხრეს, რომ ამის მერე აბსოლუტურად გამაგრებული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ნგრევა გრძელდება. ჩვენამდე არ მოსულა დაზუსტებული მიზეზი, თუ რატომ არ კეთდება ეს ადგილი სრულფასოვნად. გაზის მილთან დაკავშირებით საერთოდ პასუხი არ გვაქვს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გასკდეს და მთელი შენობის დაზიანება გმოიწვიოს. დიდი ალბათობით მსხვერპლიც იქნება,” – ამბობს შონვაძე.

კრწანისის გამგეობაში არ უარყოფენ, რომ შალვა დადიანის N14-ში მდებარე შენობა მართლაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ამის მიზეზად, შენობების სიძველის გარდა, ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის მიერ თვითნებურად ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებენ.

“შენობის სიძველის გამო რამდენიმე წლის წინ მოხდა მისი ერთ-ერთი ფლიგელის ჩამონგრევა და ნაწილობრივი დემონტაჟი, ხოლო სარდაფის თაღების უნებართვოდ მონგრევამ ეზოს შესასვლელის ჩაშლა გამოიწვია. გამგეობის მიერ ძეგლზე ჩატარებული პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების შედეგად ეზოში შესასვლელი ამ ეტაპზე აღდგენილია, თუმცა მისი სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელია შესაბამისად მომზადებული პროექტი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა,” – ამბობს კრწანისის რაიონის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი.

"ჟეშტი მოიტანეს, დააგედეს და ამას უწოდებენ გაკეთებას" - ციალა გოგოლაძე, დადიანის N14-ის მაცხოვრებელი

“ჟეშტი მოიტანეს, დააგედეს და ამას უწოდებენ გაკეთებას” – ციალა გოგოლაძე, დადიანის N14-ის მაცხოვრებელი

როგორც გამგებელი აცხადებს, იმავე სირთულეს აწყდებიან შენობის მწვავედ ავარიულ ფრაგმენტთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივი აირის მილს ებჯინება:

“ბინათმესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობის გარეშე ვერ ხერხდება მისი დემონტაჟი. ვინაიდან აღნიშნული შენობის მესაკუთრეების ნაწილის მიგნება ვერ ხერხდება, გამგეობა გეგმავს მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების უფლება.”

აპრილში კრწანისის რაიონის გამგეობამ ამავე ქუჩაზე, შალვა დადიანის N34/17- სა და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. დადიანის N14-ში მცხოვრები ადამიანები ასევე ამბობენ, რომ იქ განთავსებული ერთ-ერთი შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხვდა შალვა დადიანის N14 რეაბილიტაციის პროექტში დასახელებულ შენებობს შორის, გიორგი კოპალეიშვილი აცხადებს:

“დადიანის ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაციის მიზნით გამგეობამ არაერთხელ მიმართა როგორც N14-ის, ასევე სხვა ისტორიული სახლების მესაკუთრეებს, თუმცა მშენებლობის ნებართვის მისაღებად მათ ვერ მოახერხეს კანონით განსაზღვრული რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე დადიანის N 32-სა და N34/17-ში მდებარე შენობებზე განხორციელდება.”

შალვა დადიანის კიდევ ერთი მაცხოვრებელი, ციალა გოგოლაძე ამბობს, რომ ადგილზე გაზის სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ მისულები, რომლებმაც ბუნებრივი აირის მილის მდგომარეობა შეაფასეს:

“რომ ნახეს ეს მდგომარეობა, ბომბზე ზის მთელი ორი ეზოო, თქვეს. გამგეობას დაურეკეს. მოვიდა გამგეობიდან ხალხი, ნახეს და ატეხეს ერთი ამბავი. მოიწვიეს ამ სახლის პატრონი, რომელმაც თანხმობა მისცა – ოღონდ მსხვერპლი ნუ იქნება და როგორც გინდათ, ისე გააკეთეთო. იმის მერე აბსოლუტურად აღარავინ გამოჩენილა.”

გოგოლაძე ამბობს, რომ შ. დადიანის N14-ში კომუნისტების მერე რესტავრაცია არასდროს ჩატარებიათ ბინებს, რის გამოც ადამიანებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

“მიწისძვრა რომ მოხდა, ბიჭმა დაიწყო ახალი კედლის მშენებლობა. მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს, რომ არ მოკიდოთ ხელიო. რამდენჯერაც დავაპირეთ განახლება, იმდენჯერ გვითხრეს, რომ არ მიეკაროთო.”

როგორც ციალა გოგოლაძე ამბობს, მისი ბინა უკვე ოცი წელიწადია ნგრევაშია და კედლის ბზარები უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. მისი თქმით, ბინაში უკვე აგურები ცვივა და ადამიანების სიცოხლე მუდმივად საფრთხის ქვეშაა. გოგოლაძეს კრწანისის რაიონის გამგეობასთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს – რესტავრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი