ახალი ამბები

კაპანაძე: ონლაინ-სესხების აკრძალვა ამ ბიზნესს შავ სექტორში გადაიტანს

30 ნოემბერი, 2016 • 1533
კაპანაძე: ონლაინ-სესხების აკრძალვა ამ ბიზნესს შავ სექტორში გადაიტანს

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი სერგი კაპანაძე პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ეკონომიკური აქტივობების გეგმებს პოპულისტურს უწოდებს. კაპანაძე აცხდებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ეკონომიკური ზრდას შეაფერხებს.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მანქანების იმპორტზე აქციზის განაკვეთის ზრდა იმპორტის შემცირებას გამოიწვევს. ასევე, ონლაინ-სესხებების გაცემის აკრძალვა ამ ბიზნესს შავ სექტორში გადაიტანს და შედეგად, კრიმინალი გაიზრდება:

“მანქანებზე აქციზის განაკვეთის გაზრდა რომ გსურთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ მანქანების იმპორტი შემცირდება და ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი მანქანების რეექსპორტის ბიზნესი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სფერო იყო ჩვენთან, კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავარდება. იმპორტის გადასახადი ხომ შეგიმცირდებათ, ნაკლები მანქანა რომ შემოვა ქვეყანაში?

ონლაინ-სესხების აკრძალვა რომ გსურთ და უცებ რომ დაანონსდა, რომ ონლაინ-სესხების აკრძალვას აპირებთ, არ გესმით, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს მევახშეობის და ამ ყველაფრის შავ სექტორში გადატანას და მერე ეს კრიმინალის გაზრდას გამოიწვევს. როგორ აპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას, თითქმის შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება,” – აცხადებს კაპანაძე.

დეპუტატი ასევე არალოგიკურად მიიჩნევს იმ ადამიანებისათვის საბანკო სესხების სუბსიდირებას, რომლებსაც მაღალი შემოსავლები აქვთ. კაპანაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის ეს ინიციატივა არაეფექტური იქნება:

“ამ 65 მილიონის მიმართვა რომ გსურთ იმ კრედიტების დასაფინანსებლად, რომელიც აქვს ხალხს დოლარში. ის 30 000 ადამიანი, რომელიც უნდა დააფინანსოთ, მათში ხომ არიან მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამ თანხის გადახდა. რატომ იყენებთ გადასახადის გადამხდელების ფულს, რომელიც შეიტანეს ბიუჯეტში, ამ ფულს რატომ იყენებთ მდიდარი ადამიანების სესხების დასაფარად. საიდან მოდის ეს სოციალისტური, პოპულისტური იდეები, რომლებიც შეიძლება, რომ განახორციელო, მაგრამ, ჯამში, აუცილებლად უკუეფექტს მიიღებთ,” – აცხადებს სერგი კაპანაძე.

29 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე  გიორგი კვირიკაშვილმა იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა “სწრაფი ეკონომიკური ზრდის” უზრუნველსაყოფად გადადგამს. მათ შორის არის ე.წ. ლარიზაციის გეგმა. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მომხმარებლები, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში აქვთ, მთავრობა 100 000 ლარის ექვივალენტის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანაში დაეხმარება. სუბსიდიისთვის მთავრობა 65 მილიონს გამოყოფს.

ქუმსიშვილის თქმით, ცვლილებების პაკეტი, რომელიც ონლაინ-სესხებსაც შეეხება, მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი