ეკონომიკა

კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული ეკონომიკური აქტივობების ჩამონათვალი სრულად

29 ნოემბერი, 2016 • 2160
კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული ეკონომიკური აქტივობების ჩამონათვალი სრულად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა “სწრაფი ეკონომიკური ზრდის” უზრუნველსაყოფად გადადგამს. საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სხვა ტიპის ეკონომიკურ აქტივობებზე. პრემიერის დღევანდელ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს გახლავთ განახლებული მთავრობის პირველი სხდომა. მივესალმები მინისტრთა კაბინეტის წევრებს, გუნდს, რომელიც გაერთიანებულია საერთო მიზნის გარშემო – ეს არის ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

მინდა, გავაკეთო ვრცელი განცხადება.
ჩვენი სამთავრობო პროგრამა ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებით ძალიან კონკრეტულ, როგორც  მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან, ნაბიჯებს მოიცავს. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს – ქვეყანას დააყენებს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე.
როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპები, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც დაფიქსირდა.
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, რეგიონში რჩება საკმაო დაბალი ზრდის დინამიკა. გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება, ჩვენს ქვეყანაშიც იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, რაც აუცილებელია ადამიანების დასაქმებისა და მათი შემოსავლების ზრდისათვის.
ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას, მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
მხოლოდ მოგების გადასახადის გაუქმებით წელიწადში ნახევარი- მილიარდ ლარზე მეტი- რჩება ბიზნესში რეინვესტირებისთვის. 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2017 წლის დონით რომ ვიმსჯელოთ, მინიმუმ 2 მილიარდი ლარის დამატებითი რეინვესტირების შედეგად შეიქმნება მინიმუმ 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.
ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის, ჩვენ ვგეგმავთ, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი.
2017-2020 წლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით. ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ „აბრეშუმის გზის” მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კი თავისთავად დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობა უმოკლეს ვადებში მოხდეს.
რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში დაიგეგმა მინიმუმ 800 კმ ახალი გზის მშენებლობა.
მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 ათასი სამუშაო ადგილი საშუალოდ 1000-ლარიანი ანაზღაურებით.
ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლამდე ტურისტების რაოდენობამ 8 მლნ ტურისტს უნდა მიაღწიოს, რაც ფაქტობრივად გააორმაგებს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს.
ამ პროექტების განსახორციელებლად ჩვენ დონორებისგან მოვიზიდავთ 8 მილიარდ ლარზე მეტს, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული თანხის მობილიზება ჩვენს ბიუჯეტშიც.
დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით დაგეგმილი რეფორმების გარდა, ჩვენ ვაპირებთ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას.
ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოგვაქვს ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც არის ბევრი სიახლე.
გათვალისწინებულია ყველა ის პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რასაც ჩვენი რეფორმების გეგმა გულისხმობს.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ გათვალისწინებულია იმ მიმართულებების დაფინანსების გაზრდა, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე დაისახა პრიორიტეტად.
დაახლოებით 200 მილიონი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების დაფინანსება.
150 მილიონ ლარამდე იზრდება განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება, რაც როგორც პროფესიული სასწავლებლების განვითარებას, ასევე, პროფესიული ზრდის სქემის მიხედვით, მასწავლებლების ანაზღაურების ზრდას და რეფორმით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს მოხმარდება.
300 მლნ ლარით მეტია გათვალისწინებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში და დაფინანსება 1.3 მილიარდი ლარი იქნება. თუმცა ინფრასტრუქტურის მიმართულებით ეს არის კონსერვატიული დაგეგმვა, ჩვენ ბევრად მეტი და რეკორდული რესურსის მობილიზებას ვგეგმავთ.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტი გულისხმობს რიგ ცვლილებებს შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისითაც, რაც შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის იყოს მტკივნეული, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, ერთ საერთო მიზანს ემსახურება – ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების დასაქმებასა და ოჯახების კეთილდღეობაზე. ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, რომლის ეკონომიკაც სწრაფად და ჯანსაღად განვითარდა.
აუცილებლად შევეხები რამდენიმე საკითხს.
1-ლი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე გაიზრდება აქციზის გადასახადი. როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე, ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას.
აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას. ამ მხრივ, საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა – ჯერ განახევრდა, ახლა კი 60%-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, ელექტრომანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება.
ამასთან, საქართველოში წლიდან-წლამდე, შემცირების ნაცვლად, ავტომობილების რაოდენობა და, შესაბამისად, ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტის მოცულობა იზრდება. 2015 წელს საქართველოში დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად აისახება იმპორტის მოცულობაზე, რამაც საბოლოოდ დადებითი გავლენა უნდა იქონიოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რაც ასევე ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი გახლავთ.
იზრდება სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელიც.
დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება უზრუნველყოფს ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზებას, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ავტომაგისტრალების მშენებლობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების გაგრძელებას მოხმარდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება. აღნიშნული ღონისძიებები ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში.
თუმცა ლარის სტაბილურობის მიმართულებით სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ვგეგმავთ, რომლებიც, ვფიქრობთ, რეალური ეფექტის მომტანი იქნება.
მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები.
ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი. ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2.50 – მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30. სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს.

ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხები – 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200-მდე ათას ლარამდე – გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს.

ამასთან ერთად უნდა მოხდეს ლარით ფასდადება. მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე – დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარი მიმდინარე ხარჯების უფრო ეფექტურად მართვა.

კიდევ ერთი სიახლე მინდა დავაანონსო. ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ-სესხების გაცემა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან.
ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება.
დაწვრილებით, ბრიფინგს ჩაატარებს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ცვლილება გაგებით იქნება მიღებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან ყველა ეს ნაბიჯი ემსახურება ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულია მთავრობის მხრიდან საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხითაც”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი