ახალი ამბებიეკონომიკა

ქუმსიშვილი ონლაინ-სესხებზე: ეს პაკეტი იქნება ნაბიჯი, რომ მოსახლეობა არ გაებას ხაფანგში

29 ნოემბერი, 2016 • 2941
ქუმსიშვილი ონლაინ-სესხებზე: ეს პაკეტი იქნება ნაბიჯი, რომ მოსახლეობა არ გაებას ხაფანგში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ცვლილებების პაკეტი, რომელიც ონლაინ-სესხებსაც შეეხება, მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ქუმსიშვილის განცხადებით, ის ბიზნესმოდელი, რომელსაც საქართველოში ონლაინსესხების გამცემი კომპანიები იყენებენ, არ ქმნის დამატებით ღირებულებას ქვეყნის ეკონომიკისთვის და შეიცავს დიდ რისკს მოსახლეობის სიდუხჭირის ხელშეწყობაში:

“ჩვენ შეგვიძლია ამას დავარქვათ ონლაინ-სესხები, მაგრამ საუბარი არის მომხმარებლთა უფლებების დაცვაზე, სადაც ვამბობთ, რომ ბიზნესმოდელი, რომელშიც ჩადებულია წლიური 800 პროცენტი, 700 პროცენტი ან გინდაც 500 პროცენტი – ეს ბიზნესმოდელი არ არის მისაღები ჩვენთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვიდან გამომდინარე. პაკეტი, რომელიც შევა ჯერ საქართველოს მთავრობაში და შემდგომ, სავარაუდოდ, შევა პარლამენტში, სწორედაც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით იქნება გადადგმული ნაბიჯი და, შესაბამისად, ეს იქნება იქითკენ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენი მოსახლეობა არ გაებას ხაფანგში” – თქვა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

მთავრობის ინიციატივა დღეს გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ეროვნულ ბანკთან ერთად, მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

პრემიერისგან დამატებით განმარტებებს ელოდებიან ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიები. სწრაფი ონლიან-სესხების გამცემ კომპანიებში აცხადებენ, რომ პრემიერის განცხადებისა და შესაძლო აკრძალვის შესახებ მათაც მედიის საშუალებით შეიტყვეს და მოსალოდნელ ცვლილებაზე ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობდნენ. მათთვის კვირიკაშვილის განცხადება ნათელი არ არის, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს დაელოდებიან. სრულად აიკრძალება ონლაინ-სესხების გაცემა, თუ კომპანიებს, რომლებიც ამ სეგმენტში საქმიანობენ, შეზღუდვები დაუწესდებათ, ამის შესახებ დღეს ნათელი კომენტარი არც დიმიტრი ქუმსიშვილს გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი