საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან ერთად, მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა:
„ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი, საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება.“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, იგეგმება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის გაზრდაც. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მსგავსი ცვლილებები ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მობილიზებას შეუწყობს ხელს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.