ახალი ამბები

ევროკომისია: ანტიდისკრიმინაციული კანონის სრული იმპლემენტაცია ფერხდება

29 ნოემბერი, 2016 • 2936
ევროკომისია: ანტიდისკრიმინაციული კანონის სრული იმპლემენტაცია ფერხდება

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები, რიგ შემთხვევებში, სწრაფად და ეფექტურად ვერ რეაგირებენ უმცირესობათა უფლებების დარღვევაზე:

“თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია და სამოქმედ გეგმა (2015-2020) საქართველომ 2015 წლის აგვისტოში მიიღო. აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, კონკრეტულ პროგრესად არ ქცეულა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის სრული იმპლემენტაცია ეფექტური სანქციების და პრევენციული ზომების ნაკლებობის გამო ფერხდება. სახელმწიფო ინსტიტუტებმა, რიგ შემთხვევებში, როცა საქმე ადამიაანის უფლებების დარღვევას და უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციას ეხებოდა, მათ შორის ლგბტ თემის და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევას, სწრაფად და ეფექტურად ვერ იმოქმედეს”,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია გენდერული უთანასწორობის შესახებაც. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ქალთა პოლიტიკური ჩართულობა ნაკლებია და ქვეყანას კვლავ არ მოუხდენია სტამბულის კონვენციის რატიფიცირება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

“რაც შეეხება გენდერულ უთანასწორობას, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა გაიზარდა, მაგრამ, საერთო ჯამში, მაჩვენებელი მაინც დაბალია. 2016 წლის პარლამენტში დეპუტატების 16 %-ია ქალი, როცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ დეპუტატების 12% იყო მხოლოდ ქალი. ქალთა მიმართ ძალადობრივი ინციდენტების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი