ახალი ამბები

პროკურატურამ 2016 წლის 9 თვეში პოლიციელების შესაძლო დანაშაულზე 232 გამოძიება დაიწყო

28 ნოემბერი, 2016 • 2504
პროკურატურამ 2016 წლის 9 თვეში პოლიციელების შესაძლო დანაშაულზე 232 გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებმა 2016 წლის 9 თვეში გამოძიება სისხლის სამართლის  622 საქმეზე დაიწყეს, საიდანაც დაახლოებით 1/3 სამართალდამცავების მიერ ჩადენულ შესაძლო დანაშაულს უკავშირდება.

ამის შესახებ საუბარია მთავარი პროკურორის ანგარიშში, რომელიც ირაკლი შოთაძემ 28 ნოემბერს საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.

pog

დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეთა უმრავლესობაზე (40%) გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 180-ე (თაღლითობა – 9%), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – 5%), 182-ე (მითვისება-გაფლანგვა – 5%), 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა – 5%), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – 3%) და 284-ე (კომპიუტერული მონაცემების ხელყოფა – 2%) მუხლებით.

pog0

რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ დევნას, ანგარიშის თანახმად, პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე 2016 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 126 პირის მიმართ დაიწყო.

2016 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის შემდეგ დანაშაულებზე: საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა – 25%), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება – 20%), 182-ე (მითვისება-გაფლანგვა – 7%), 157- 158-ე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა – 4%), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – 2%) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.

2016 წლის 9 თვეში დევნადაწყებული პირების 33% (61 პირი) საჯარო მოხელეა, რომელთა დიდი ნაწილი (79%) არის სამართალდამცავი ორგანოების (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვადასხვა რგოლის ყოფილი მენეჯერები და ოფიცრები) თანამშრომელი. პროკურატურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მეტწილად დაწყებულია 2012 წლამდე ჩადენილ ფაქტებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი