ზეინაბ რინკავოი ბათუმის #1 საარჩევნო უბნის წევრად „ევროპელი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. უბნის დაკომპლექტებიდან რამდენიმე დღეში მას კომისიის მდივნის თანამდებობა ჩააბარეს. ამავე უბანზე და ამავე თანამდებობაზე ის 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“-ის კვოტით იყო წარდგენილი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ამ უბანზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა.
„საარჩევნო უბნებზე მდივნის კანდიდატურა დაეთმოს ოპოზიციას“, – ეს იყო ერთ-ერთი იმ საკითხებს შორის, რაზეც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. მაშინ ბათუმის #79 ოლქის საუბნო კომისიებში პოზიციების გადანაწილებისას მდივნების თანამდებობა „ქრისტიან დემოკრატების“, „მრეწველებისა“ და პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“-ის წარმომადგენლებმა დაიკავეს. ამჯერად „მრეწველები“ „კოალიცია ქართული ოცნების“ შემადგენლობაში გაერთიანდნენ, „ჩვენ თვითონ“-მა კი სახელი შეიცვალა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ევროპელი დემოკრატების“ სახელით მონაწილეობს.
ამ პარტიის დამფუძნებელი პაატა დავითაია საქართველოს პარლამენტში “გაერთიანებული ოპოზიციის” (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები) კვოტით შევიდა. 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის კი „ევროპელი დემოკრატები“ და გიორგი თარგამაძის „ქრისტიან დემოკრატები“ ერთ ბლოკად დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, ერთიანი საარჩევნო სიით მონაწილეობენ არჩევნებში.
დოკუმენტებით დადგინდა, რომ ისინი, ვინც ახლა უბნებზე „ევროპელი დემოკრატების“ კვოტით მოხვდნენ და ისევ მდივნების თანამდებობები დაიკავეს, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდენ.
104 უბნიდან მხოლოდ ხუთ უბანზე იმუშავებს მდივნის პოზიციაზე „კოალიცია ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ერთ უბანზე მდივნის თანამდებობა „კონსერვატორებს“ ერგოთ, კიდევ ერთზე კი „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელს. კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის, ავთანდილ ბერიძის ინფორმაციით, ამ პოზიციაზე მათ კანდიდატურა თითქმის ყველა უბანზე დააყენეს, თუმცა კომისიებმა არჩევანი „ევროპელ დემოკრატებზე“ შეაჩერეს. ის ამის მიზეზად, „ამ პარტიისა და “ქრისტიან-დემოკრატების“ ხელისუფლებასთან კავშირს“ ასახელებს.
„მდივნებზე თუ მეკითხებით, მე არ ვარ პასუხისმგებელი მათზე, რადგან მდივნებს ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა. როცა მე მომაკითხა ადამიანმა, თქვენთან მინდა ვიყოო და გამომიგზავნა იმეილი, სადაც გავეცანი მის მონაცემებს, ჩავთვალე, რომ ის ღირსია იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილი. მან უბანზე ჩემი პარტიის ინტერესები კი არა, საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაიცვას და თუ არ დაიცავს, კომისიის სხვა წევრებს შეუძლიათ უჩივლონ და დააჯარიმონ. თუ მასთან იქნება პრეტენზიები, მე ამაზე პასუხისმგებელი ნამდვილად ვიქნები. და თუ კანონს დაიცავს, მაშინ რა შუაშია თქვენი კითხვები? – ყველაზე დიდი ოპოზიციონერი ახლა ბიძინა ივანიშვილია ხომ? – ის თავიდან “ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებელი, ნინო ბურჯანაძე კი 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობის” მარგარეტ ტეტჩერი იყო. მე არ მაქვს კუდ-ის და სოდ-ის აპარატი პარტიაში, რომ ვამოწმო, ვინ ვისი მომხრე იყო და სად იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ „ევროპელმა დემოკრატმა“ ლევან გაბრიჩიძემ.
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს სწავლობს, ამბობს: “როცა საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნები ხდებიან ერთი, ამ შემთხვევეში „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ევროპელი დემოკრატების“ ბლოკის წარმომადგენლები, ეს მიუთითებს ხელისუფლების სერიოზულ სიმპათიაზე ამ პოლიტიკური ბლოკის მიმართ.” მისივე თქმით, “ზუსტად იგივე ხდება მთელ ქვეყანაში… თუკი გავითვალისწინებთ იმ რეიტინგებს, რაც აქვთ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყანაში, უფრო უპრიანი იქნებოდა, მინიმუმ გაეყოთ ეს პოზიცია და ის თანაბრად შეხვედროდა ოპოზიციურ გაერთიანებებს.
ამ ბლოკიდან წარდგენილი კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა, 2008 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” დანიშნა საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ძალიან მეეჭვება, რომ ერთბაშად ყველამ შეიცვალა პოლიტიკური შეხედულება და “ნაციონალები” უეცრად „ევროპელი დემოკრატები“ ან „ქრისტიან-დემოკრატები“ გახდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორ პოლიტიკურ ბლოკს შორის სერიოზული სიახლოვეა. ამის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებით კომპლექტდება ის კვოტა, რომელიც დღეს ოპოზიციას გააჩნია კომისიის მდივნების სახით“.