აუდიტორია115-ის 20-მდე წევრი თსუ-ის მე-6 კორპუსის შენობაში შევიდა, მე-6 კორპუსი პიკეტირებულია. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი არ აპირებენ, თვითმმართველობას არჩევნების ჩატარების საშუალება მისცენ. მათი მოთხივნით, ხვალ უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები არ უნდა ჩატარდეს.
25 ნოემბერს თსუ-ში დაგეგმილია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. სტუდენტების ნაწილი წლებია აპროტესტებს თვითმმართველობის არსებულ მოდელს. მათ შორისაა აუდიტორია 115.
სტუდენტური გაერთიანება მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შეთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები.
აუდიტორია 115 ასევე მოითხოვს, რომ თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით; ასევე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი.
გარდა ამისა, ისინი სტუდენტური საერთო საცხოვრებელის სრულად რეაბილიტირებასა და მეცნიერების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.