ახალი ამბები

რა პრობლემები ექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს

8 სექტემბერი, 2012 •
რა პრობლემები ექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს

“11 ივლისს გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფილი ამომრჩეველი თუ არ მიიტანს ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, ამომრჩევლად ვერ დარეგისტრირდება, რაც დამატებით პრობლემას ქმნის ამომრჩევლებისთვის”, – აცხადებს კოალიცია “ქართული ოცნების” სპიკერი მაია ფანჯიკიძე.

ამავე მოსაზრებას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც:

“ხელისუფლების მიერ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებითი ბარიერები ექმნებათ ხმის მიცემისას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ. “ქართული დასის” პოზიცია ასეთია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, თუკი ის დაადასტურებს, რომ არის საქართველოს მოქალაქე, უნდა შეეძლოს განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში”, – აცხადებს “ქართული დასის” წარმომადგენელი ცესკოში გიორგი ბაშარული.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ, ლეგალურად არის ის საზღვარგარეთ თუ არალეგალურად, შეძლოს და გააკეთოს თავისი კუთვნილი არჩევანი. აქ არის დამატებით ბარიერებზე საუბარი, ფაქტია, რომ იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, მინიმუმ 1991 ადამიანს შეექმნა პრობლემა. ისინი ითხოვენ დახმარებას და ჩვენი რეკომენდაციაც პროცედურების გამარტივებაში მდგომარეობს”, – ამბობს “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი გოგა ლორთქიფანიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, არჩევნებზე რეგისტრაციის პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ და აქამდე გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდებოდა:

“მე ვფიქრობ, ინფორმაციული თვალსაზრისით უფრო შეიქმნა პრობლემები. ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები, მაგრამ, ეტყობა, საზღვარგარეთ ინფორმაცია ასე მალე ვერ ვრცელდება. ახლა უკვე გაიგებენ, რომ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს თავისუფლად აქვთ ხმის მიცემის საშუალება წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით”.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი განმარტავს, რომ ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც საკონსულოში აღრიცხვაზე მყოფ ადამიანებს, ასევე, იმათ, ვინც აღრიცხვაზე არ არის ან ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება:

“საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანები ჩვეულებრივად მონაწილეობენ არჩევნებში, თუმცა ვინც არ არის აღრიცხვაზე შეიძლება მიბრძანდეს საკონსულოში და გაიაროს ე.წ. წინასწარი საარჩევნო რეგისტრაცია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და განცხადების დაწერა. სხვა არანაირი დოკუმენტი არ მოითხოვება”.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ცესკოს ეს განცხადება დაგვიანებულია, მოქალაქეებს კი კვლავ პრობლემები ექმნებათ:

“ცესკოს ეს განმარტება ადრე უნდა გაეკეთებინა. საია-მ ეს პრობლემები გაცილებით ადრე გააჟღერა, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. დღეს ძალიან ცოტა დრო აქვთ უკვე საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებს იმისთვის, რომ მივიდნენ და რეგისტრაცია გაიარონ, ამიტომ ახლა მიდის საუბარი ვადების გადაწევაზე და ცესკომ ამაზეც უნდა იმსჯელოს”.

პავლიაშვილის თქმით, მიუხედავად ცესკოს განცხადებისა, არსებობს კონკრეტული მაგალითები, როდესაც ადამიანებს საელჩოში მისვლისას კვლავ თხოვენ ცნობას საცხოვრებელი მისამართის შესახებ.

კოალიცია “ქართული ოცნების” სპიკერი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ყველა ის განცხადება, რომ თითქოს უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩევლებს არანაირი პრობლემები არ ექმნებათ, არის უპასუხისმგებლო:

“ჩვენს ფეისბუქის გვერდზე უამრავი პრობლემის შესახებ წერს ხალხი. ჩვენ ვყვირით იმაზეც, რომ არჩევნები არის ორშბათს და რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერია უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის, მაგრამ ეს არ აღელვებს “ნაციონალურ მოძრაობას” და დიასპორის მინისტრს, რომელიც უნდა ზრუნავდეს ემიგრანტებზე”, – აცხადებს ფანჯიკიძე.

ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნების თარიღის ცვლილება ცესკოს უფლებამოსილებას სცდება:

“ცესკოს აქვს არჩევნების თარიღის დადგენის საშუალება ორ შემთხვევაში: პირველი, ცესკოს განკარგულებით დგინდება საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესი და ვადები და არსებობს მეორე გამონაკლისი შემთხვევა: თუ რაღაც მიზეზების გამო, ვერ ხერხდება არჩევნების ჩატარება არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ ზოგადად, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ცესკომ მიმართოს პრეზიდენტს, რომ შეიცვალოს არჩევნების თარიღი”.

ხარატიშვილის თქმით, სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში არჩევნები სამუშაო დღეს ინიშნება და ეს ამომრჩევლებისთვის პრობლემას არ ქმნის.

საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, მიმართა თხოვნით, საარჩევნო უბნების დამატების თაობაზე იმ ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ დიდი რაოდენობით ქართველი ემიგრანტები. ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განკარგულებით, სხვა სახელმწიფოებში 42 საარჩევნო უბანია შექმნილი.

რაც შეეხება საარჩევნო უბნების დამატების საკითხს, ცესკოს განმარტებით ამ თემაზე ზუსტი პასუხი მანამდე არ იქნება, სანამ საელჩოები წინასაარჩევნო რეგისტრაციის შედეგებს არ წარმოადგენენ. ცესკო 11 სექტემბრის ჩათვლით მიიღებს მონაცემებს საკონსულოებიდან საკონსულო აღრიცვხაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ:

“თუმცა, არ მგონია, უბნები დაემატოს. საარჩევნო ოლქები კვლავ საელჩოებსა და საკონსულოებში განთავსდება, როგორც წინა არჩევნებზე იყო”, – აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი