ნეტგაზეთი | ვის როგორ წარმოუდგენია შრომის ინსპექცია საქართველოში ვის როგორ წარმოუდგენია შრომის ინსპექცია საქართველოში – Netgazeti
RU | GE  

ვის როგორ წარმოუდგენია შრომის ინსპექცია საქართველოში

პროფკავშირები, უფლებადამცველები და დასაქმებულები მიიჩნევენ, რომ შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია შრომის ინსპექციის შექმნა, რასაც დამსაქმებლების ნაწილი ეწინააღმდეგება.

2013 წელს შრომის კოდექსის ცვლილების მიუხედავად, კანონმდებლობაში მშრომელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი, იულია ალეზიუსი ფიქრობს, ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ისაა, რომ კოდექსი ჯერაც არ არის ბოლომდე დახვეწილი:

“კოდექსს უნდა დაემატოს მნიშვნელოვანი პუნქტები – გენდერული თანასწორუფლებიანობის, ქალთა უფლებების დაცვის (დეკრეტული შვებულება და ა.შ.) მიმართულებით. საჭიროა უკეთესი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს დასაქმებულს სამსახურისგან უსაფუძვლოდ დათხოვნისაგან. ასევე, უზრუნველყოფს გაცილებით უკეთეს სამუშაო პირობებს მშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ეს [დაბალი სტანდარტები სამუშაო ადგილას] არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა და ვნებს მათ, არამედ აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას”, – გვეუბნება იულია ბლეზიუსი.

“შრომის კოდექსის სრულყოფილებას რომ მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება მოქმედი შრომითი ინსპექცია. ამ მიმართულებით მიდის გარკვეული სამუშაოები, თუმცა ჯერაც არ არსებობს ქმედითი შრომითი ინსპექცია, რომელსაც ექნება ყველანაირი უფლება და შესაძლებლობა, შრომითი კოდექსის დაცვა  უზრუნველყოს”, – დასძენს ებერტის ფონდის რეგიონული ხელმძღვანელი.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. მაგალითად, ამერიკის სავაჭრო პალატის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჯორჯ ველტონს, არ ესმის, თუ რატომ ფიქრობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები,  რომ შრომის კოდექსი საკმარისად კარგად არ მუშაობს და სხვა რაიმე საკანონმდებლო აქტია საჭირო მშრომელთა უფლებებისა თუ შრომის პირობების გასაუმჯობესებლად:

“მე ვარ დამსაქმებელი და ვასრულებ შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მე დარმწუნებული ვარ, რომ ამ ვალდებულებებს ჩემი ორგანიზაციის წევრებიც ასრულებენ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამას არ აკეთებენ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პრობლემა კანონმდებლობაშია”? – იკითხა ველტონმა და დასძენა, რომ თუკი დამსაქმებელი კანონით დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს, ამ საკითხით პოლიცია უნდა დაინტერესდეს.

კონფერენცია სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" - საქართველოში სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების შესახებ. 22.11.2016. ფოტო: საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანება (GTUC)

კონფერენცია სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” – საქართველოში სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების შესახებ. 22.11.2016. ფოტო: საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანება (GTUC)

“რატომ გვსურს ასე ძალიან შრომის ინსპექცია, როდესაც არსებობს კანონი და იურიდიული პროცესი ამ ქვეყანაში? თუ მოხდა შემთხვევითი სიკვდილი, რაც დაბალი სამუშაო სტანდარტების არსებობის შედეგია, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. თუკი ეს არ ხდება, ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს ამის მოგვარებისკენ [რომ პოლიციამ გამოიძიოს მსგავსი ფაქტები] მიმართული და არა ახალი, პოლიციისმაგვიარი ინსტიტუციის გამოგონებისკენ, რათა ბიზნესში შევიჭრათ”, – ფიქრობს ჯორჯ ველტონი.

იგივე პოზიციას იზიარებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ კორძახია. ისიც ფიქრობს, რომ ქვეყნაში უკვე არსებობს ინსტიტუციები, რომლებიც მშრომელის უფლებებს უნდა იცავდეს – პოლიცია და სასამართლო. მისი აზრით, თუკი შრომის ინსპექცია აუდიტორის (შემმოწმებლის) როლზე მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს, ეს ბიზნესს რისკების წინაშე დააყენებს, რაშიც პრობლემას ხედავს:

“ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ნაკარნახევი ეკონომიკური განვითარებისა და მიზანშეწონილობის კუთხით. აქ სხვა რაიმე რეცეპტი არ არსებობს, გარდა ეკონომიკური ფაქტორისა. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი მოქალაქის უფლებები უნდა იყოს დაცული შრომის ადგილებზე, მაგრამ უშუალოდ როგორი უნდა იყოს მიდგომები, ამაზე ალბათ სერიოზული მუშაობა გვმართებს, რომ ისეთი რისკები არ გახდეს რეალიზებული, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე”, – მიიჩნევს კორძახია. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობს რისკებში, კორძახია ამბობს, რომ ისეთ რეგულაციებს გულისხმობს, რაც “მიზანშენოწილი არ იქნება” და არ იქნება შეთანხმებული ბიზნესსექტორთან.  

კორძახია არ ემხრობა შრომის ინსპექციის შექმნას და ამბობს, რომ მისაღები იქნებოდა, პირობითად, შრომის მაკონტროლებელ ორგანოს შექმნა, თუმცა ეს ორგანო, კორძახიას წარმოდგენით, უნდა იყოს “მხოლოდ და მხოლოდ აუდიტორული საქმიანობის ფორმატში და არა პირდაპირ სადამსჯელო ფორმით შექმნილი”. კორძახია ამ ორგანოს შექმნას ამართლებს იმით, თუ ის ბიზნესინტერესებისთვის იმუშავებს – “შრომის მაკონტროლებელი ორგანო” უნდა იყოს დამხმარე მექანიზმი ბიზნესისთვის, რომელიც მოწადინებულია და მუშაობს განვითარებისკენ”, – ამბობს კორძახია.

შრომის ინსპექცია 2006 წლამდე არსებობდა, მისი გაუქმების შემდეგ კი შრომის კანონმდებლობის აღსრულების ალტერნატიული სტრუქტურა არ  შექმნილა. გაუქმების მიზეზად სისტემის კორუმპირებული ბუნება სახელდებოდა, თუმცა სისტემას არ შეხებია რაიმე სახის რეფორმა, მაგალითად, საგზაო ინსპექციის მსგავსად, რომელიც, რეფორმირების შედეგად, საპატრულო პოლიციის სახით ჩამოყალიბდა.

შრომის ინსპექციის გაუქმება არასწორი გადაწყვეტილება იყო, მიიჩნევს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე “ქართული ოცნებიდან”. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, მათი უფლებამოსილება დროებით შეჩერებულიყო და სრული სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელებულიყო. ამასთან, ზოიძე ამომრჩეველს ჰპირდებოდა შრომის ინსპექციის ოპტიმალური მოდელის ჩამოყალიბებას.

“მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს კორუფციის წყარო, რომ ბიზნესის თავისუფლება არ შეიზღუდოს და, მეორე მხრივ, ადამიანების შრომითი უფლებები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამაში ასევე შედის ისეთი საბაზრო მექანიზმების წახალისება, როგორიცაა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა. ასეთი მექანიზმების შემოღებაც იქნება განხილული პარლამენტში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ 20 ოქტომბერს.

ისეთი ფორმით, როგორც “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტს, მიხეილ კორძახიას წარმოუდგენია შრომის ინსპექტორების მექანიზმი, ის დღესაც არსებობს: დღეისათვის შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა მხოლოდ საწარმოს ნებართვის შემთხვევაში შეუძლია (თუ საქმე ტრეფიკინგს არ ეხება). ამასთან, საწარმო ვალდებული არ არის, შეასრულოს ინსპექციის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაცია – დღეისათვის ინსპექციას არ აქვს სანქცირების მექანიზმი.

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიასა და კავკასიის ენივერსიტეტის ლექტორის, ეკატერინე ქარდავას მიერ “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციის თანახმად, 2015 წელს შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 77 კომპანიის 115 ობიექტში განახორციელეს ინსპექტირება. წლის ბოლოს კი რემონიტორინგი ჩაატარეს 60-მდე კომპანიაში, რამაც აჩვენა, რომ რეკომენდაციები სრულად მხოლოდ 25-მა ობიექტმა გაითვალისწინა, ნაწილობრივ – 30-მდე ობიექტმა, 10-მდე კომპანიამ კი საერთოდ არ გაითვალისწინა არც ერთი რეკომენდაცია. ანგარიშის ავტორების შეფასებით, მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე გამოსწორდა კომპანიებში ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროუსაფრთხოების სისტემები, კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. “ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყანაში შრომის ინსპექტორატის ჩამოყალიბების ეფექტურობას”, – წერია პუბლიკაციაში.

აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. 29.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. 29.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

შრომის ქმედითი ინსპექციის საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატშიც. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე იხსენებს 2015 წელს საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებას, რასაც შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებები უნდა განესაზღვრა. სხილაძე ამბობს, რომ არც ეს მექანიზმი გამოდგა ეფექტური პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით, რადგან “მოხდება თუ არა კომპანიაში არსებული შრომის პირობების, შრომითი უფლებების განხორციელების საკითხების შემოწმება, “დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე”. ამიტომ, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ქვეყანაში უნდა შეიქმანას ეფექტური შრომის ინსპექცია, რაც ევორკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს, – დასძენს ეკა სხილაძე.

იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სრულყოფილი და ქმედუნარიანი შრომის ინსპექცია, უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანას აღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების, ევროპის სოციალური ქარტიის, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რაც კონკრეტულად შრომის ინსპექტირების კუთხით კანონის მიღებას გულისხმობს, – ვკითხულობთ აღნიშნულ პუბლიკაციაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია კი ამბობს, რომ საქართველოს შრომის ინსპექტირების გაძლიერებული სისტემა 2017 წლიდან ექნება, რომელიც მექანიზმს დღეისათვის არარსებული ბერკეტებით აღჭურავს. თუმცა ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია, თუ ზუსტად როგორი იქნება ეს შემაკავებელი მექანიზმი და რამდენად მოახერხებს მშრომელთა ინტერესების დაცვას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com