ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს

21 სექტემბერი, 2016 • 2331
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, მომდევნო წლიდან საქართველოს შრომის ინსპექტირების გაძლიერებული სისტემა ექნება, რომელიც მექანიზმს დღეისათვის არარსებული ბერკეტებით აღჭურავს.

დღეისათვის შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა მხოლოდ საწარმოს ნებართვის შემთხვევაში (თუ საქმე ტრეფიკინგს არ ეხება) შეუძლია. ამასთან, საწარმო ვალდებული არ არის, შეასრულოს ინსპექციის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაცია. დღეისათვის ინსპექციას არ აქვს სანქცირების მექანიზმი.

“იმისათვის, რომ ეს მანდატი გაძლიერდეს და [ინსპექციას] ძალაუფლება მიენიჭოს, არა მარტო შრომის უსაფრთხოების, არამედ შრომის უფლებების კუთხითაც, მომზადებულია საკნაონმდბელო ბაზა. ეს განიხილება სამმხრივ კომისიაზე და ამის შეეგად მას შესაბამისი მსვლელობა მიეცემა პარლამენტში. [ინსპექციის მექანიზმს] ძალაუფლება მიენიჭება არა მარტო ტრეფიკინგის კუთხით, არამედ შრომის უსაფრთხოების და შრომის უფლებების კუთხითაც და დაწესდება რეაგირების შესაბამისი მექანიზმები. პირველ ეტაპზე ისევ გაფრთხილებები იქნება, მაგრამ განმეორების შემთხვევაში მოხდება რეაგირება”, – განაცხადა ჯგერენაიამ ნეტგაზეთის პროექტ “უჩინარების” ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე.

ჯგერენაია ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, კონკრეტულად რაში გამოიხატება ზემოხსენებული სანქციები.

კითხვას, რატომ არ შევიდა შესაბამისი კანონპროექტები ამ მოწვევის პარლამენტში და რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების ინიცირების მომდევნო პარლამენტისთვის გადადება, იგი პასუხობს, რომ განხილვების პროცესს დიდი დრო დასჭირდა.

ჯგერენაიას თქმით, მათი პროგნოზით წლის ბოლოსთვის ეს საკითხი “მთავრობაზე გავა, ხოლო მომდევნო წლისთვის ქვეყანა შრომის უსაფრთხოების კანონს მიიღებს”.

აღნიშნული დისკუსია სრულად შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი