ახალი ამბები

აკაკი ზოიძე: შრომის ინსპექციის გაუქმება არასწორი გადაწყვეტილება იყო

20 ოქტომბერი, 2016 • 2575
აკაკი ზოიძე: შრომის ინსპექციის გაუქმება არასწორი გადაწყვეტილება იყო

“ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის მეექვსე ნომერი და 1997-2001 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმება შეცდომა იყო. აკაკი ზოიძის განცხადებით, შრომის ინსპექციაში კორუფცია იყო, თუმცა, მისი აზრით, გაუქმება არასწორი გადაწყვეტილება  იყო:

“გაუქმებამდე შრომის ინსპექციას ვკურირებდი. ინსპექციის როლი იყო მინიმალური, უფლებები და შესაძლებლობები არ ჰქონდა ინსპექციას, სულ 75 ადამიანი მუშაობდა ქვეყნის მასშტაბით. რეალურ ზეგავლენას ვერ ახდენდა შრომის უსაფრთხოების დაცვაზე, კორუფციის წყაროდ იყო გადაქცეული, არალეგალური, ქრთამების შეგროვება. ანალოგიური პრობლემა იყო სანიტარულ ინსპექციაში, მაგრამ სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია ან ერთის, ან მეორის გაუქმება.”

აკაკი ზოიძის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, მათი უფლებამოსილება დროებით შეჩერებულიყო და სრული სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელებულიყო :

“სჯობდა შესაძლებლობები გაგვევითარებინა, კვალიფიციური ხალხი დაგვექირავებინა და რეალური ბერკეტებით აღგვეჭურვა ინსპექცია. იმ დროს ინსპექციის გაუქმებამ არც დაღუპა ქვეყანა და არც გადაარჩინა, მაგრამ ახლა დღის წესრიგში დგას ინსპექციის არარსებობის პრობლემა, შრომის პირობების კონტროლი, ასევე, სურსათის უვნებლობის კონტროლი, რაც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია.”

მომავალი დეპუტატის განცხადებით, საჭიროა შრომის ინსპექციის ოპტიმალური ვარიანტის დანერგვა:

“ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ შრომის ინსპექციის ოპტიმალურ მოდელს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს კორუფციის წყარო, რომ ბიზნესის თავისუფლება არ შეიზღუდოს და, მეორე მხრივ, ადამიანების შრომითი უფლებები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამაში ასევე შედის ისეთი საბაზრო მექანიზმების წახალისება, როგორიცაა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა. ასეთი მექანიზმების შემოღებაც იქნება განხილული პარლამენტში.”

მისივე თქმით, ამ პროცესში სიფრთხილეა საჭირო:

“უზარმაზარი ბიუროკრატია არ უნდა შევქმნათ. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად მოქნილი ინსტიტუტები შევქმნათ. ისეთი, რომელიც ბიზნესსაც არ დააზარალებს და ადამიანების შრომის უსაფრთხოებასაც დაიცავს.”

26 წლის თემურ გურგენაშვილმა თბილისში, პოლიტკოვსკაიას #57-ში მდებარე ობიექტის მშენებლობაზე მუშაობა ზაფხულში დაიწყო. იგი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობდა და დღეში 25 ლარს იღებდა. 18 ოქტომბერს, წვიმიან ამინდში, თემურ გურგენაშვილს მეორე სართულის  აივანზე  ფეხი დაუცდა და გადმოვარდა. იგი გუშინ, 19 ოქტომბერს, ღამით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თემურ გურგენაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება. კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის [EMC] მონაცემებით, 2011-15 წლებში საქართველოში 212 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 691 კი დაშავდა. სახალხო დამცველის ოფისში მიიჩნევენ, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნაკლებად საინტერესოა სახელმწიფოსთვის, ვიდრე ბიზნესინტერესები. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს.

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი