ახალი ამბები

დაწესებულება არასაპატიმრო სასჯელისთვის

7 სექტემბერი, 2012 • 968
დაწესებულება არასაპატიმრო სასჯელისთვის

იმ პირებს, ვისაც სასამართლო თავისუფლების შეზღუდვას შეუფარდებს, საშუალება უნდა მიეცეთ ციხის ნაცვლად სპეციალურ დაწესებულებაში გადავიდნენ. 

 

თავად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში, რითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ევროპული სტანდარტი უნდა დაინერგოს.

 

როგორც სამინისტროში ამბობენ აღნიშნულ დაწესებულებაში მოხდება მსჯავრდებულის მომზადება გათავისუფლებისთვის, სადაც ის გაივლის სხვადსხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს, კომპიუტერის, უცხო ენების შემსწავლელ და სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებს. 

 

ახალი დაწესებულების მაკეტში ჩანს, რომ დაწესებულების, ტეროტორიაზე, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება, იქნება სავარჯოშო დარბაზი, ტერიტორია, სადაც პროფესიული განათლების მიღება იქნება შესაძლებელი. სამზარეულო, სადაც მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ თვითონ მოამზადონ საკვები, ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ტერიტორია. გარდა ამისა, სამინისტროში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულებს არ ექნებათ პაემნის შეზღუდვა და ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ შაბათ-კვირას დატოვონ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.

 

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების შეზღუდვა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე შეეცვლებათ თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით.

 

სისხლის სამართლის კოდექსში თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის ერთ-ერთი ფორმა, განმარტებულია როგორც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის თოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც მასზე ზედამხედველობა ხორციელდება.

 

თავისუფლების შეზღუდვა ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით ენიშნება. ეს ვადა ერთ წელზე მცირეა, თუკი  საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაო თავისუფლების შეზღუდვით იცვლება.

 

კანონში განმარტებულია, რომ თავისუფლების შეზღუდვა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.

 

ერთ-ერთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, 122 მუხლია, რომლის შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში პირი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.


თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნაზე ქვეყანში საუბარი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. 2011 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პარლამენტში წარმოადგინა ახალი დაწესებულების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა.

 

აღნიშნული ინიციატივით სხვადასხვა საკანონომდებლო აქტში განხორციელებული ცვლილებებით უნდა შექმნილიყო დაწესებულება თავისუფლება შეზღუდული პირებისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი